"ნეიტრალური საქართველო" არჩევნების დასრულების შემდეგ, მოითხოვს სამართლებრივი პასუხისმგებლობა ყველა იმ პირსაც დაეკისროს, ვინც ყოფილ სახელისუფლებო პარტიას არჩევნებში მხარს დაუჭერს. იდეა მოძრაობის ლიდერებმა დღეს პირველად გააჟღერეს და თქვეს, რომ საქართველომ მაგალითი გერმანიისგან უნდა აიღოს და გაიმეოროს ის, რაც გერმანიაში, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მოხდა.
"ნეიტრალური საქართველოს" იდეას არასერიოზულს უწოდებენ "ნაციონალურ მოძრაობაში". პარტიაში ამბობენ, რომ პოლიტიკურადაც, სამართლებრივადაც და მორალურადაც ინიციატივას განხორციელების რესურსი არ აქვს.
მხარდამჭერთა გასამართლების იდეას ამომრჩევლის დაშინების მცდელობად აფასებენ სხვა ოპოზიციურ პარტიებში და ამბობენ, რომ მსგავსი განცხადებები საზოგადოებაში დაპირისპირების გაღვივებას ემსახურება.
"ნეიტრალური საქართველოს" ინიციატივა არ მოსწონს არც მმართველ პარტიას . "ქართული ოცნება" გამორიცხავს იმ ამომრჩეველთა პასუხისგებაში მიცემას, ვინც "ნაციონალურ მოძრაობას" მხარს უჭერს.სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ გასამართლებას მხოლოდ ნაციონალური მოძრაობა - პარტია იმ დანაშაულების გამო დაექვემდებარება, რომელიც მათ მმართველობის დროს ჩაიდინეს.
"ნეიტრალური საქართველოს" მოსაზრება დღეს პრემიერ-მინისტრმაც შეაფასა. ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ამომრჩევლის დასჯას მმართველი პარტია, მათი პოზიციის გამო, არც კი განიხილავს, თუმცა, აქვე, ისიც განმარტა, რომ ყველა მოქალაქე საკუთარი გადაწყვეტილებით ერთგვარ პასუხისმგებლობას ქვეყნის წინაშე თავად იღებს.
"ნეიტრალურ საქართველოში" დღეს თქვეს ისიც, რომ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები საქართველოში უცხოური გავლენის გაძლიერებას ემსახურებიან და ასრულებენ გარე ძალების მითითებებს - ამ კონტექსტში მოძრაობის წევრებმა სამი პარტია - "ნაციონალური მოძრაობა", "ლელო" და გიორგი გახარიას "საქართველოსთვის" დაასახელეს.