11 ნოემბერი 2024,   05:51
ვრცლად
საქართველოში გერმანიის ელჩის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული განცხადება - მმართველი გუნდი გერმანიის ელჩს დიპლომატიური სტანდარტის დაცვისკენ მიუთითებს

დიპლომატიური სტანდარტის დაცვისკენ მმართველი გუნდი გერმანიის ელჩს მიუთითებს. მიზეზი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული მისი განცხადებაა. "დღეს ვიღაცამ ავტოგოლი გაიტანა"- ამ სტატუსის ადრესატი პიტერ ფიშერს არ დაუკონკრეტებია, თუმცა ეჭვი არავის ეპარება, რომ მისი სიტყვები კახა კალაძეს ეხებოდა, რომელმაც მანამდე გერმანიის ევროპულ საქმეთა მინისტრი გააკრიტიკა.

გერმანელმა მინისტრმა ჯერ კიდევ გუშინ განაცხადა, რომ ევროკავშირის გზაზე ქვეყანას საქართველოს ხელისუფლება აფერხებს. საპასუხოდ ოცნების გენერალურმა მდივანმა მას "კუბილიუსი კაბაში" უწოდა

ანა ლიურმანმა ლუქსემბურგში მინისტრების შეხვედრაზე საქართველოს შესახებ დღესაც იგივე გაიმეორა.

ოპოზიცია უცხოელი მინისტრის განცხადებებსაც ეთანხმება და გერმანელი დიპლომატის სტატუსსაც. ხელისუფლების ოპონენტები ღიად ამბობენ, რომ ელჩმა დიპლომატიური სტანდარტი დაარღვია, თუმცა იქვე აცხადებენ, რომ ეს საპასუხო რეაქცია იყო.

დიპლომატია საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობებმა ჩაანაცვლა - ასეთია ქართული ოცნების პოზიცია. სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ პარტნიორები ამ მიმართულებით არჩევნების მოახლოებასთან ერთად მეტად გააქტიურდნენ და ფაქტობრივად, საარჩევნო კამპანიის მონაწილეებიც გახდნენ. გერმანიის ელჩის არადიპლომატიურ პასუხს, მედიის კითხვების საპასუხოდ, დღეს პრემიერ-მინისტრიც გამოეხმაურა.

მმართველი პარტიაში ამბობენ, რომ უცხო ქვეყნის წარმომადგენლების მხრიდან, წინასაარჩევნოდ, ოპოზიციის სასარგებლოდ გაკეთებული განცხადებების შესახებ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან.

დღის ამბები