ქონებრივი დავა, რომლის წარმოჩენასაც მედიის თავისუფლების ჭრილში ცდილობენ. რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით კვლავ უცვლელია უმრავლესობის შეფასებები.
იმავდროულად იზიარებენ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივნის განცხადებას და მედიის თავისუფლების მნიშვნელობაზე საუბრობენ.
„განცხადების პათოსს, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის მხრიდან გაკეთდა, ჩვენ სრულად ვიზიარებთ, იმიტომ, რომ მედიის თავისუფლება არის ერთ-ერთი მთავარი და მნიშვნელოვანი პარამეტრი და მეორეს მხრივ, საფუძველი დემოკრატიის ხარისხის გასაზომად. რაც შეეხება პროცესს, რომელიც მიმდინარეობს რუსთავი 2-თან დაკავშირებით, ეს არის ქონებრივი დავა და სამწუხაროა, როდესაც ცალკეული პირები ქონებრივი დავის მედიის თავისუფლების ჭრილში დანახვას სთავაზობენ საზოგადოებას,“ - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.
ოპოზიცია კი ხელისუფლებას აფრთხილებს, რომ დამოუკიდებელი მედიის ხელყოფა ქვეყნის იმიჯსა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე უარყოფითად აისახება.
„ხელისუფლებას ვურჩევ დაფიქრდეს, რას ნიშნავს არსებულ ვითარებაში ხალხისთვის ყველაზე სანდო ტელევიზიის გათიშვა. ეს დასრულდება ძალიან სავალალოდ ხელისუფლებისთვის, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე ქვეყნის გარეთ,“ - აცხადებს ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი.
უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ რუსთავის 2-ის საქმეზე გადაწყვეტილება 25 იანვრამდე უნდა მიიღოს.