19 ნოემბერი 2024,   08:21
ვრცლად
"თუ ხელისუფლება გადადგამს მძიმე ნაბიჯებს, ეს დაანგრევს არა მარტო სიტყვის თავისუფლებას, რამედ დამოუკიდებელ სასამართლოსაც" - სერგო რატიანი

სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის საქმეზე ამერიკის ელჩისა და კომპანიის  მფლობელის განცხადებების შემდეგ ქართულ ოცნებაში კიდევ ერთხელ აცხადებენ, რომ ხელისუფლება ტელეკომპანიის სასამართლო საქმეში არ ერევა. უმრავლესობაში ამბობენ, რომ ეს მხოლოდ ორ კერძო პირს შორის დავაა.

„ამ საქმეს აქვს ორი შემადგენელი, ერთი ეს არის მედია თავისუფლება, რომელიც დაცული უნდა იყოს და თქვენ იცით, რომ გაცილებით უკეთესი მდგომარეობაა და შედარებაც არ შეიძლება ოთხი წლის წინანდელთან შედარებით და მეორე ეს არის საკუთრების უფლება. ჩვენ ვისურვებთ, ისევე როგორც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, ჩვენი ევროპელი მეგობრები, რომ ეს საქმე ძალიან კარგი იქნება და ვფიქრობ, რომ ასეც იქნება, როგორც ერთი ასევე მეორე ინტერესის გათვალისწინებით უდნა გადაწყდეს,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ოპოზიცია კი ხაზგასმით აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი და მთავრობა რუსთავი 2-ის გაჩუმებას ცდილობს.

"იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლება გადადგამს ძალიან მძიმე ნაბიჯებს, ეს დაანგრევს არა მარტო სიტყვის თავისუფლების სივრცეს, იმიტომ, რომ რუსთავი 2 არის ერთ-ერთ ბოლო საყრდენი, არამედ დამოუკიდებელ სასამართლოსაც. ფაქტობრივად ქმნის გარემოს, სადაც დემოკრატია არის დასრულებული,“- აცხადებს ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერი სერგო რატიანი.

საქმესთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები აქვთ პატრიოტთა ალიანსშიც. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი გოჩა თევდორაძე ამბობს, რომ ეს კითხვის ნიშნები მიმართულია ხელისუფლებისკენ.

რაც შეეხება უცხოელი პარტნიორების პოზიციას - აშშ-ის ელჩმა იან კელიმ დაადასტურა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს მდივნის განცხადება, რომ სამაუწყებლო კომპანიის წინააღმდეგ არსებული დავა განსაკუთრებული ყურადღების ქვეშაა - უწყების ოფიციალური პოზიციაა.

გია ყარამანიშვილის გუშინდელი განცხადებით, კი რუსთავი 2-ის ბოლო ბასტიონია, რომლის აღებასაც ხელისუფლება ცდილობს და რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს სასამართლო პროცესი, ისინი ტელევიზიის დათმობას არ აპირებენ.

დღის ამბები