უმრავლესობის წევრებმა რუსთავი 2-თან დაკავშირებით ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილის, თომას მელიას მიერ გაკეთებულ განცხადებაზე კომენტარი გააკეთეს. ისინი ასევე რამდენიმე დღის წინ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივნის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურნენ.
მმართველი გუნდის დეპუტატების განცხადებით, ამგვარი მოწოდებები შეიძლება ოფიციალური პოზიცია არ იყოს, თუმცა ასევე ამბობენ, რომ ოფიციალურ მოწოდებებსა და ანგარიშებში ასახულ რეკომენდაციებს ხელისუფლება ასრულებს.
„მას უფლება აქვს პირადი აზრიც გაავრცელოს, მაგრამ ამავე დროს ვალდებულია, რომ იყოს ერთ კონტექსტში მოქცეული, ამას უწევს ანგარიშს. ასე ნამდვილად არ იქნებოდა, რომ მას საკუთრი აზრის გამოხატვა აკრძალული აქვს,“ - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.
ოპოზიციაში კი მიაჩნიათ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის მიერ გაკეთებული განცხადება დეპარტამენტის პოზიციას გამოხატავს.
„საერთაშორისო პარტნიორების შეფასება სრულიად აშკარაა და ცხადია მათი პოზიცია, ამ ფონზე ქართული ოცნების პოზიცია არის სამარცხვინო და ახლა არიან სირაქლემის პოზიციაში. საქმის ვითარება ისეთია, რომ როდესაც სახელმწიფო დეპარტამენტი აკეთებს განცხადებას, ამას სჭირდება განმარტებითი ლექსიკონი, ეს აჩვენებს რამდენად მძიმე მდგომარეობაშია ქართული ოცნება,“- განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა, სერგო რატიანმა.
რესპუბლიკურ პარტიაში მიაჩნიათ, რომ არსებობს ეჭვი, რომ რუსთავი 2-ის პროცესებში ხელისუფლება ერევა.
„რუსთავი 2-თან დაკავშირებით აშშ და მთელი ცივილიზებული კაცობრიობა შეთანხმებულია, რომ ხელისუფლების ჩარევა არ უნდა იყოს,“- განაცხადა დავით ზურაბიშვილმა.
ავტორი: ნათია გოგსაძე.