ევროპარლამენტარები რუსთავი 2-ის სასამართლო პროცესის მიმდინარეობასა და ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებას შორის პირდაპირ კავშირს ავლებენ. ისინი აცხადებენ, რომ პროცესის არაობიექტურად წარმართვის შემთხვევაში საქართველოში დემოკრატია დაზარალდება.
„რუსთავი 2 ინფორმაციის ძალიან მნიშვნელოვანი წყაროა საქართველოს მოსახლეობისთვის. ადამიანების უმრავლესობა, ვისაც საქართველოში ვესაუბრები, მეუბნება რომ ახალ ამბებს რუსთავი 2-ის საშუალებით იგებს განურჩევლად იმისა, თუ როგორია მათი პოლიტიკური სიმპათიები. რუსთავი 2-ის საკითხი უმნიშვნელოვანესია ქართული დემოკრატიისთვის. იმედი მაქვს ტელეკომპანიასთან დაკავშირებული პროცესები ისე წარიმართება, რომ ქვეყანაში დემოკრატია არ დაზარალდება. დემოკრატია მედიის პლურალიზმს გულისხმობს და რუსთავი 2-ის საკითხი საკვანძოა ამ კონტექსტში. რუსთავი 2 არის და იქნება საქართველოს ხელისუფლებასთან ჩვენი დიალოგის დღის წესრიგში. ეს უპირველესი საკითხია, რომლის მიხედვითაც საქართველოში დემოკრატიის სიჯანსაღეზე დასკვნები შეიძლება გავაკეთოთ,“ -განაცხადა ევროპარლამენტის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ანა გომესმა.
ევროპარლამენტარი იაცეკ სარიუშ-ვოლსკი კი აცხადებს, რომ სწორედ რუსთავი 2-ის სასამართლო პროცესი იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ევროკავშირს შესაძლოა საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაცია არ მიენიჭებინა.
„ჩემი აზრით საქართველოში პოლიტიკური პატიმრების არსებობა, მთავრობის მიერ საკონსტიტუციო სასმართლოს საქმეებში უხეში ჩარევა და ტელეკომპანია რუსთავი 2-ის წინააღმდეგ წარმოებული სასამართლო პროცესი საკმარისი იყო იმისათვის, რომ ევროკავშირი თქვენს ქვეყანასთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის დაწყებას არ დათანხმებოდა.
„ევროკავშირმა კი საქართველოს ხელისუფლებას, რომელიც ამ 3 მიმართულებით დანაშაულს ჩადის, გაუგზავნა სიგნალი, რომ ყველაფერი კარგადაა და უვიზო მიმოსვლას დაჰპირდა. ქართველი ხალხი ნამდვილად იმსახურებს უვიზო მიმოსვლას, მაგრამ თქვენი მთავრობა ამას არ იმსახურებს,“-განაცხადა ვოლსკიმ.