19 ნოემბერი 2024,   04:28
ვრცლად
სკანდალი - "რუსთავი 2"-ის საქმის მოსამართლეები პროკურატურას მათზე ზეწოლის ფაქტების გამოძიებას თხოვენ

სკანდალი - უზენაესი სასამართლოს ორი მოსამართლე ზეწოლის ფაქტების გამოძიებას ითხოვს. ცნობილი გახდა, რომ მთავარ პროკურატურაში ე.წ. მოსამართლეების საქმეზე გამოძიებაა დაწყებული. 

პროკურატურის პრესსამსახურში დღეს რუსთავი 2-ს განუცხადეს, რომ მოსამართლეები, რომლებმაც განცხადება შეიტანეს მთავარ პროკურატურაში არიან პაატა ქათამაძე და ბესარიონ ალავიძე. მოსამართლეები, რომლებიც კოლეგიის ფარგლებში მონაწილეობდნენ რუსთავი 2-ის საქმის განხილვაში და დიდი ალბათობით, ისინი დიდი პალატის შემადგენლობაშიც იქნებიან.

პროკურატურის მიერ დაწყებული გამოძიების თაობაზე 1 საათის წინ გახდა ცნობილი. პროკურატურა ასევე შეისწავლის მიხეილ სააკაშვილისა და დავით საყვარელიძის იმ მიმოწერის ავთენტურობას, რომელიც საინფორმაციო სამსახურებმა გუშინ გაავრცელეს, რომელშიც ნახსენებია პაატა ქათამაძისა და ბესარიონ ალავიძის გვარებიც.

პროკურატურაში ასევე განმარტავენ, რომ თავად მოსამართლეებისგან ჩვენებები მათ უკვე მიიღეს. 

„საქართველოს პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში 2017 წლის 14 იანვარს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების, ალავიძისა და ქათამაძის განცხადებით და სასამართლოს მომართვის საფუძველზე დაიწყო გამოძიება სამართალწარმოების განხორციელებაზე ზეგავლენის მიზნით ხსენებული მოსამართლეების საქმიანობაში უხეში ჩარევის შესაძლო ფაქტებზე სისხლის სამართლის კოდექსის 364-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

"ამ ეტაპისთვის გამოძიების მიერ ჩატარებულია მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები და გამოძიება გრძელდება ინტენსიურ რეჟიმში. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო მოქმედება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების საქმიანობაში ჩარევის შესაძლო ფაქტების გადამოწმების მიზნით,“ - განაცხადა საქართველოს პროკურატურის საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, ნათია სუხიაშვილმა.

განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ხვალ 12 საათზე სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი საგანგებო ბრიფინგს გამართავს. 

დღის ამბები