საქართველოს მთავარ პროკურატურაში ე.წ. მოსამართლეების საქმეზე მიმდინარე გამოძიების შესახებ პირველ კომენტარს აკეთებს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის იურისტი თამთა მურადაშვილი.
„ალბათ, შეუძლებელია, ეს არ დაუკავშირო იმ ზეწოლას, რომელზეც ჩვენ ამდენი ხანია ვსაუბრობთ. შეგახსენებთ, ეს არის ის კოლეგია, რომელიც იძიებდა ჩვენ საქმეს, ეს ორი მოსამართლე შედის სწორედ იმ კოლეგიაში, რომელიც 21 ნოემბერს მთელი ღამის განმავლობაში იხილავდა ჩვენ საჩივარს და მათ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საქმე დიდი პალატისთვის გადაეცათ და თავიდანვე გაჩნდა ეჭვი, რომ ამ მოსამართლეებმა როგორღაც გაუძლეს გარკვეულწილად ზეწოლას და პირდაპირ პასუხისმგბელობა აირიდეს და მთელ სისტემას გაადაკისრეს პასუხისმგებლობა, ვინაიდან, მიმდინარეობდა ზეწოლა რუსთავი 2-ის საწინააღმდეგოდ გამოეტანათ გადაწყევტილება.
"დღევანდელი გამოვლენილი ინფორმაცია მეტყველებს იმაზე, რომ თურმე ნახევარი თვეა პროკურატურა აწარმოებს ძიებას ამ თემის ირგვლივ ამ ორ მოსამართლეს, ბესარიონ ალავიძეს და ბატონ პაატა ქათამაძეს მიუმართავთ თურმე პროკურატურისთვის და ჩვენ მხოლოდ დღეს ვიგებთ ამას,“ - განაცხადა თამთა მურადაშვილმა.
თამთა მურადაშვილის თქმით, პროკურატურა ვალდებული იყო, საქმის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, განეცხადებინა დაუყოვნებლივ ამის თაობაზე, რაც არ მომხდარა.
„ნათელია ჩვენთვის, რომ აქ ნამდვილად არის ზეწოლის აშკარა ნიშნები, ასევე გუშინ გამოქვეყნებული ინფორმაცია, სადაც თითქმის მათი გვარები ფიქსირდება ვითომ რაღაც გარიგებაში არიან ყოფილ მაღალჩინოსნებთან, მიუთითებს იმაზე, რომ მთავრობა ცდილობს, რომ შავი ლაქა მოსცხოს ამ ადამიანებს, რომლებიც ცნობილი არიან თავისი პატიოსნებით და კეთილსინდისიერებით თავიანთ პროფესიულ საქმიანობაში. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ისინი ცდილობენ, რომ ჩირქი მოსცხონ ამ ადამიანებს, გამოიყვანონ კანონდამრღვევები,“ - განაცხადა თამთა მურადაშვილმა.
იურისტის თქმით, დღეს ყველა ნიშანია იმისა, რომ სახელმწიფო ნამდვილად ზეწოლას ახორციელებს სასამართლოზე.
„ეს ის მოსამართლეები არიან, რომლებიც როგორც ჩანს წინააღმდეგობას უწევდნენ მთავრობას,“ - აცხადებს მურადაშვილი.