მორიგი შეტევა რუსთავი 2-ზე - ასეთი შეფასება მოყვა ოპოზიციის მხრიდან ე.წ. მოსამართლეების საქმეზე გამოძიების დაწყებას.
ოპოზიცია ასევე საეჭვოდ მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ გამოძიება 14 იანვარს დაიწყო და ამის შესახებ მხოლოდ გუშინ გახდა ცნობილი.
ოპოზიციის შეფასებით, მმართველი გუნდი ებრძვის მედიას და მართლმსაჯულებას.
„ხელისუფლებამ იცოდა უკვე 14 იანვრიდან, ამის შესახებ მხოლოდ დღეს გახდა ჩვენთვის ცნობილი. ძალიან უცნაურია, თუმცა მეორეს მხრივ, საერთოდ არ არის უცნაური, რომ ამის პრევენცია ხელისუფლებამ გააკეთა კონტროლირებადი მედიასაშუალებების ხელით. ფაქტი არის ძალიან მარტივი, რუსეთი და ივანიშვილი ერთად ებრძვიან საქართველოში თავისუფალ მედიას და ანგრევენ სასამართლო სისტემას,“ - განაცხადა ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ ზაზა ბიბილაშვილმა.
საქართველოს ხელისუფლების მხრიდან რუსთავი 2-ის საქმის მოსამართლეებზე მიმდინარე ზეწოლაზე საუბრობენ პარლამენტის ფრაქცია ევროპული საქართველო - უკეთესი მომავლისთვის წევრები.
„არის მცდელობა ამ უნიჭო ფაბრიკაციით ე.წ. ვაიბერ ტექსტური მიმოწერით გადაფარონ აი ეს მნიშვნელოვანი ფაქტი, როდესაც როგორც ვხედავთ ადგილი აქვს ძალიან დიდი მასშტაბის ზეწოლას იმ მონაწილეებზე, რომლებიც მონაწილეობენ რუსთავი 2-ის საქმის განხილვაში,“-აცხადებს გიორგი ტუღუში.
საქმის ობიექტურად გამოძების აუცილებლობაზე საუბრობენ სამოქალაქო სექტორში და აცხადებენ, რომ არ უნდა გაჩნდეს საეჭვო კითხვები.
„მნიშვნელოვანია, რომ პროკურატურამ ეფექტურად გამოიძიოს, ისე რომ კითხვები არ დარჩეს ამ პროცესთან დაკავშირებით," - აცხადებს სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორი მიხელ ბენიძე.
უმრავლესობა კი ხელისუფლების მხრიდან მოსამართლეებზე ზეწოლას გამორიცხავს.