„ეს არის ხელისუფლების გეგმა, ხელისუფლების პროვოკაცია მოსამართლეების წინააღმდეგ,“- ეს განცხადება რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლის ფაქტების შესახებ გააკეთა.
ნიკა გვარამია კურიერის პირდაპირ ეთერში პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც საგამოძიებო უწყებამ ის გარემოებები დაასახელა, რომლის საფუძველზეც 14 იანვარს გამოძიება დაიწყო.
„არ მესმის რაში სჭირდება პროკურატურას განცხადებების გაკეთება, როცა შეუძლია გამოაქვეყნოს ის მასალა, ის განცხადებები, რომელიც მოსამართლეების მხრიდან შევიდა, ამიტომ ეჭვები ჩნდება,“- განაცხადა გვარამიამ.
გვარამიას თქმით, ალავიძე და ქათამაძე იყვნენ მოსამართლეები, რომელთაც გადაწყვეტილება რუსთავი 2-ის საქმეზე ქიბარ ხავაშის სასარგებლოდ არ მიიღეს.
რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორმა მის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომ მასთან კონსპირაციულ მოლაპარაკებებს აზრი არ აქვს, დამატებითი განმარტება გააკეთა.
„დიდ პალატაში 5 ხმა გადაწყვეტილების მისაღები სუს-მა ვერ შეკრიბა და ასევე ხელისუფლებასთან აფელირებულმა პირებმა თავისი დაპირებებით, 5 მოსამართლე ჯერჯერობით არ არსებობს, ყველანაირ ხერხს იყენებენ, რომ პროვოკაციები მოუწყონ მოსამართლეებს და ზემოქმედება იქონიონ, გაჩნდა თარიღი, 10 ან 15 თებერვალი, როცა უნდა გადაწყვეტილება გამოიტანონ და რუსთავი 2 წაიღონ. შემოთავაზებები ყველა მიმართულებით ისმის, ჩემი თანამშრომლების მიმართულებით, ჩემი მიმართულებით, რომ რუსთავი 2-ის პროცესები გაკოტრებისკენ უნდა წავიდეს,“- განაცხადა ნიკა გვარამიამ.
ნიკა გვარამიამ იუსტიციის მინისტრის მისამართითაც გააკეთა კომენტარი.
„წულუკიანი აცდენილია ისტორიას და საღი აზრი აღარ მოეკითხება“- განაცხადა გვარამიამ.
ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მიმართ უნდობლობა გამოთქვა.
„ქალბატონი გვენეტაძე ცუდად იქცევა საკუთარი კოლეგების მიმართ, პრეზიდენტის მიმართ არაკორექტულად იქცევა,“- აღნიშნა გვარამიამ.
ნიკა გვარამიას თქმით საქართველოს ხელისუფლება ჩარეულია რუსთავი 2-ის საქმეში.
შეგახსენებთ, რომ დღეს ნიკა გვარამიამ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლის ფაქტების გამოძიებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა.