სერგი კაპანაძის აზრით, დავით საყვარელიძის სკანდალურ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ლაშა ნაცვლიშვილი მის მეგობარს ბიძინა ივანიშვილის ფარულ ჩანაწერებს რამდენიმე მილიონის სანაცვლოდ სთავაზობდა, შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები უნდა მოჰყვეს. ევროპული საქართველოს წევრმა ამის შესახებ კურიერის პირდაპირ ეთერში განაცხადა.
კაპანაძის თქმით, წესით პროკურატურისთვის საინტერესო უნდა იყოს საყვარელიძის განცხადება, თუმცა ის არ ელოდება, რომ დავით საყვარელიძის განცხადებას რაიმე რეაგირება მოჰყვება.
„მთელი ამ ვაქხანალიის ამოცანაა, რომ მაქსიმალურად გააშავონ რუსთავი 2, წარმოაჩინონ, რომ ზეწოლა ხდება რუსთავი 2-ის და ოპოზიციის მხრიდან და არა ხელისუფლების მხრიდან,“ - განაცადა სერგი კაპანაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ პროკურატურის მიერ გავრცელებულ მასალებს უნიჭო სპექტაკლი უწოდა.
სერგი კაპანაძემ 10 თებერვალს ნაციონალური მოძრაობის მიერ დაანონსებულ აქციაზე კომენტარი გააკეთა.
„სადაც რუსთავი 2-ის საქმე განიხილება, ევროპული საქართველოს ლიდერები და ამომრჩევლები, მიუხედავად იმისა, სად იყვნენ ისინი თავის დროზე, ნაციონალურ მოძრაობაში იყვნენ თუ არა, ვიქნებით და ვაპირებთ, რომ რუსთავი 2-ის გვერდით ვიყოთ, თუმცა დღეს გავიგეთ ამ ინიციატივის შესახებ და შიგნით გვექნება ამის შესახებ საუბარი, მივიღებთ გადაწყვეტილებას,“ - განაცხადა კაპანაძემ.