19 ნოემბერი 2024,   04:53
ვრცლად
"რუსთავი 2" პარლამენტში დაპირისპირების მიზეზი გახდა

რუსთავი 2 დაპირისპირების მიზეზი გახდა დღეს პარლამენტში, სადაც მედიის მხარდამჭერი ბანერის სხდომათა დარბაზში გაშლის საშუალება უმრავლესობამ ევროპულ საქართველოს არ მისცა. უმცირესობის წინააღმდეგობის მიუხედავად, მმართველი პარტიის წევრების დავალებით, მანდატურის სამსახურმა ბანერი წარწერით "არა მედიაზე შტურმს" სხდომათა დარბაზიდან გაიტანა.

რამდენიმეწუთიანი დაპირისპირების შემდეგ, უმცირესობის წევრებმა რუსთავი2-ისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის მხარდამჭერი ბანერი დაკეცეს და სხდომათა დარბაზში ისე შეიტანეს. ევროპული საქართველო ქართული ოცნებისგან განმარტებებს ითხოვდა, რეგლამენტის რომელი მუხლის საფუძველზე ეწინააღმდეგებოდა მმართველი პარტია, მედიისა და სიტყვის თავისუფლების დაცვისთვის ბანერის გამოფენას.

უმრავლესობას ევროპული საქართველოს საპასუხოდ რეგლამენტზე განმარტებები არ გაუკეთებია, თუმცა ოპოზიციის მიერ მედიის მხარდაჭერას და ბანერის გამოფენას კვლავ ეწინააღმდეგებოდა. დარბაზში უმრავლესობის რამდენიმე წევრი აქტიურობდა, მათ შორის იყვნენ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი დეპუტატიც.

ამ დაპირისპირებისა და სხდომის დაწყების შემდეგ, უმცირესობამ მედიის მხარდამჭერი ბანერი სხდომათა დარბაზში ტრიბუნაზე მაინც გაშალა. ვრცელი განმარტება გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარემ და მის თანაგუნდელებს რეგლამენტზე მიანიშნა. უმცირესობის ამ აქციის საპასუხოდ, უმრავლესობამ სხდომათა დარბაზში ფოტო მასალა მიიტანა.

რუსთავი 2-ის საქმეზე მსჯელობა პარლამენტში მომავალ კვირაშიც გაგრძელდება. ოპოზიცია საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს, რომელმაც რუსთავი 2-ის განმხილველი საქმის მოსამართლეებზე ზეწოლის ფაქტები უნდა შეისწავლოს.

ავტორი: ნინო სამყურაშვილი, თეონა ცხომელიძე.

დღის ამბები