არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს მედია პროექტების კოორდინატორი მმართველი გუნდის ლიდერის მიერ, რუსთავი 2-ისა და მისი გენერალური დირექტორის მისამართით გაკეთებულ განცხადებებზე კურიერის პირდაპირ ეთერში საუბრობს.
ნინო რობაქიძე აცხადებს, რომ მათი ორგანიზაცია, რუსთავი 2-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, პირველი დღიდან აკვირდება. მისი თქმით, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მმართველი გუნდის წარმომადგენელი, რუსთავი 2-ის ან მასთან დაკავშირებული პირების მიმართ უპასუხისმგებლო განცხადებებს აკეთებს.
„თუ რაიმე დამატებითი ინფორმაცია აქვს უმრავლესობის ლიდერს სამართალდამცავი ორგანოებიდან, რაიმე დამატებითი მტკიცებულებები, მაშინ რატომ აქვს მას ეს მტკიცებულებები, დამოუკიდებელი გამოძიების პირობებში,“ - განაცხადა ნინო რობაქიძემ.
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს წარმომადგენელი ამბობს, რომ იმ პერიოდის განმავლობაში, რაც რუსთავი 2-ის სასამართლო პროცესები მიმდინარეობს და კიდევ უფრო მანამდეც, უმაღლესი თანამდებობის პირების ათეულობით განცხადება შეაგროვა ორგანიზაციამ, რომლებიც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდნენ რუსთავი 2-ის მფლობელობას, განიხილავდნენ არხის სარედაქციო პოლიტიკას და ახლა არხის გენერალურ დირექტორს ადანაშაულებენ კონკრეტულ ქმედებებში. მისი თქმით, ეს ყველაფერი ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს, რომ მოხდეს არხის დისკრედიტირება.
„დღიდან, პირველი სასამართლო პროცესის დაწყებისა, ეს პროცესი არის პოლიტიკური პროცესი და ამის უარყოფა იქნება სირაქლემას პოზიციაში დარჩენა. რუსთავი 2-ის საქმე იქნება მნიშვნელოვანი ინდიკატორი ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების განვითარების და შეფასების,“ - განაცხადა რობაქიძემ.