რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ე.წ. ფარული ჩანაწერების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს 10:30 საათზეა დაბარებული.
მოსამართლის წინაშე მოწმის სახით მისი დაკითხვის შუამდგომლობით სასამართლოს გამოძიებამ მას შემდეგ მიმართა, რაც ნიკა გვარამიამ კრიმინალურ პოლიციაში მისვლაზე უნდობლობის მიზეზით უარი განაცხადა და სასამართლოში დაკითხვა მოითხოვა.
ადვოკატები კიდევ ერთხელ აცხადებენ, რომ უკანონოდ მოპოვებული ჩანაწერები არ შეიძლება მტკიცებულებად გამოიყენონ. ისინი არც გვარამიას დაკავებას გამორიცხავენ და აქცენტს მმართველი გუნდის მხრიდან რუსთავი 2-ის და ნიკა გვარამიას წინააღმდეგ გაკეთებულ განცხადებებზე აკეთებენ.
“ნიკა გვარამია უპასუხებს ყველა იმ კითხვას, რაც მის მიმართ იქნება დასმული, თუმცა ამ ეტაპზე მიჭირს წარმოვიდგინო ის კითხვები, რომელიც შეიძლება დამატებით გასჩენოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს. იმიტომ, რომ უკვე მივაწოდეთ მათ ამომწურავი ინფორმაცია, რაც ჩვენ გაგვაჩნდა ვიდეოჩანაწერის უკანონოდ მოპოვებასთან, მათ შორის კომპიუტერულ სისტემაში უკანონო შეღწევასთან დაკავშირებით. გამომდინარე იქედან, რომ ხელისუფლებამ გადალახა უკვე ყველანაირი წითელი ხაზი და მათ არაერთი უკანონო მოქმედება განახორციელეს რუსთავი 2-ის ხელში ჩასაგდებად, არ გამოვრიცხავ, რომ მათ შორის წავიდნენ ნიკა გვარამიას დაჭერაზეც,“-განაცხადა დიტო საძაგლიშვილმა.