ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში, რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის გამოკითხვა მიმდინარეობს. საქმე ეხება ნიკა გვარამიასა და თბილისის საქალაქო სასმართლოს ყოფილი თავმჯდომარის, მამუკა ახვლედიანის ფარულ ჩანაწერს.
როგორც გამოკითხვის დაწყებამდე ნიკა გვარამიას ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა განაცხადა, შს სამინისტროს განცხადება იმის შესახებ, რომ გავრცელებული ჩანაწერი ავთენტურია სიმართლეს არ შეესაბამება. დიტო საძაგლიშვილის თქმით, მას მოსმენილი აქვს ჩანაწერის სრული ვერსია, შესაბამისად დაზუსტებით შეუძლია თქვას, რომ გავრცელებული ჩანაწერი დამონტაჟებულია.
„მე მოსმენილი მაქვს ამ ჩანაწერის სრული ვერსია მისი ჩაწერიდან მალევე და შესაბამისად მე პირადად მაქვს ინფორმაცია, რომ ეს გავრცელებული ჩანაწერი არის დამონტაჟებული ვერსია და მასში არ არის ასახული ყველა ის დეტალი, რასაც რეალურად ადგილი ჰქონდა შეხვედრისას.
"ვინაიდან ხელისუფლება დიდი ხანია კანონიერ ჩარჩოებს გასცდა, შესაბამისად აშკარაა, რომ ხელისუფლება მზად არის გადადგას ნებისმიერი უკანონო ნაბიჯი რუსთავი 2-ის ხელში ჩასაგდებად და ერთ-ერთი უკანონო ნაბიჯი შეიძლება იყოს მათ შორის ნიკა გვარამიას დაკავება,“-განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.
ხელისუფლების მიერ მიზანმიმართულ ზეწოლაზე საუბრობს ადვოკატი თამთა მურადაშვილიც.
„ხელისუფლებას ძალიან უჭირს და ცდილობს, რომ ყველანაირად ბოლომდე ზეწოლა განახორციელოს. ჩვენი აზრით ხელისუფლებას გამოცხადებული აქვს რუსთავი 2-ის წინააღმდეგ ბრძოლა წესების გარეშე, ამ ბრძოლაში ჩვენ არ გვაქვს არანაირი ბერკეტი გარდა კეთილსინდისიერი მოსამართლეებისა, რომლებიც წინ აღუდგებიან უკანონო გადაწყვეტილებას, ჩვენ რუსთავი 2-ლები და ხალხი, რომელიც დავიცავთ სიტყვის თავისუფლებას ბოლომდე,“-განაცხადა თამთა მურადაშვილმა.