19 ნოემბერი 2024,   04:48
ვრცლად
ნიკა გვარამიას გამოკითხვა საქალაქო სასამართლოში დასრულდა

ნიკა გვარამიას გამოკითხვა საქალაქო სასამართლოში დასრულდა. პროცესი თითქმის 2 საათის განმავლობაში გრძელდებოდა. 

ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა სასამართლოს სხდომათა დარბაზი რამდენიმე წუთის წინ დატოვა. გამოკითხვას მოსამართლე, გამომძიებელი და გვარამიას ადვოკატები ესწრებოდნენ. 

„გამოძიება ცდილობდა შინაარსის გარკვევას, რა ვისაუბრე, რატომ ვისაუბრე, ა.შ. გამოძიებას ავიწყდება, რომ ეს გამოძიება არ მიმდინარეობს არც ქრთამის აღებაზე, არც რაიმე სხვაზე. ეს გამოძიება მიმდინარეობს უკანონოდ მოპოვებაზე ინფორმაციის და კომპიუტერულ სისტემაში შეღწევაზე. ამიტომ ჩვენი განმარტება იყო შემდეგი - კითხვები უნდა შეეხებოდეს მხოლოდ გამოძიებას და ბუნებრივია, თუ ის სცდება გამოძიების ინტერესებს, ამ კითხვებზე პასუხისგან თავს შევიკავებთ. მიუხედავად ამისა, კითხვებზე პასუხები იქნა გაცემული მთელ რიგ შემთხვევებში. იგივე ქრთამის ეპიზოდი, რომელსაც გამოწვლილვით ცდილობს და ირგვლივ უვლის გამოძიება. ამაზე იქნა გაკეთებული განმარტება,“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ნიკა გვარამია აღნიშნავს, რომ ექსპერტიზის დასკვნა არის ყალბი და ის არ ასახავს იმ საუბარს, რომელიც სამ პირს შორის შედგა. ის ასევე ამბობს, რომ ქვეყნის შიგნით, ჩანაწერის ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარების შესაძლებლობა, მას „მოუსპეს.“

„შეუძლებელი გახდა ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარება ქვეყნის შიგნით, იმიტომ რომ გაუგებარი მიზეზებით ჩატარდა კომისიური ექსპერტიზა და შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალისტური საექპერტო კვლევა და სამხარაული ერთობლივად არიან გასვრილი ამ სიბინძურეში, რასაც ჰქვია გაყალბებული დასკვნა,“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ის ამბობს, რომ შსს-ს სურდა მას წყარო გაემხილა. ნიკა გვარამია სამართალდამცველ სტრუქტურას "სიბეცესა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მართლმსაჯულების არცოდნაში" ადანაშაულებს.

„ნებისმიერი ტელევიზიის და პრესის ნებისმიერი თანამშრომელი, რომელიც ახორციელებს ჟურნალისტურ საქმიანობას, ითვლება და არ არის აუცილებელი, რომ ის ჟურნალისტის შტატს იკავებდეს, ითვლება, რომ დაცულია გაუმხელელობის პრივილეგიით. რა თქმა უნდა, ყველა ის შეკითხვა, რომელიც ამ პრივილეგიით, მე მიმაჩნია, რომ არის დაცული, დარჩა უპასუხოდ,“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ის ასევე განმარტავს, რომ სამართალდამცველებს ფარული ჩანაწერის უკანონოდ მოპოვებასა და კომპიუტერულ სისტემაში შეღწევის​ ​თაობაზე გამოძებაში არავითარი ნაბიჯი არ გადაუდგამთ. ნიკა გვარამია ამბობს, რომ შსს მასზე სისხლის სამართლის ახალი საქმის აღძვრას ცდილობს.

„შთაბეჭდილება დარჩა აბსოლუტურად იმისი, რაც რეალურად ხდება, შესაძლებლობა, რომ აღძრან ჩემზე ახალი სისხლის სამართლის საქმე, ან ქრთამის აღების ნაწილით, რაც შეუძლებელია. სულ რომ ის მელაპარაკა, რაც გამოქვეყნდა, იქაც არ არის ქრთამის შემადგენლობა. ამას გარდა, ყველას შევახსენებ, რომ 6 მილიონი, საიდანაც მილიონი უნდა გადამეხადა ვითომ, საბოლოო ჯამში, რუსთავი 2-ში არ მოვიდა ამ ხელისუფლების გამო, იმიტომ რომ ის კონტრაქტი ყადაღის გამო დაიბლოკა. მიუხედავად ამისა, რა თქმა უნდა, მცდელობა არის იმისი, რომ ან ქრთამის ნაწილი იყოს, ან ცრუ ჩვენება რაღაცა ასეთი ტიპის ახალი ბრალი წარდგენილი,“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ის ამბობს, რომ ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც შსს-ს აქვს, არის ყალბი, ხოლო ყალბი დასკვნა იმისთვის მზადდება, რომ „ყველაფრის შესაძლებლობა მოგცეს, რაც გინდა“.

ნიკა გვარამიამ ასევე განაცხადა, რომ აუდიოჩანაწერის სრული ვერსია, რომლის დამონტაჟებული ვერსიაც ინტერნეტსივრცეში გავრცელდა, ტელევიზიაში მყისიერად განადგურდა, იმიტომ რომ არავითარ შინაარსს და ინტერესს არ წარმოადგენდა.

გამოკითხვის დაწყებამდე კი გვარამიამ განაცხადა, რომ მისი და მამუკა ახვლედიანის საუბრის ჩანაწერი დიდი ხნის წინ არის წაშლილი, რადგან მისი შენახვის აუცილებლობა არ არსებობდა. 

გვარამია ჩვენებას, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის, მისი და მამუკა ახვლედიანის პირადი საუბრის ამსახველი ვიდეოჩანაწერის უკანონოდ მოპოვებისა და გავრცელების ფაქტზე აძლევდა. 

ნიკა გვარამიას დაკითხვა სასამართლოში, მისი მოთხოვნის საფუძველზე მოხდა. რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა, რომელიც, შს სამინსიტროს კრიმინალურ პოლიციაში იყო დაკითხვაზე დაბარებული, უარი განაცხადა ჩვენება შსს-თვის მიეცა და სასამართლოში დაკითხვა მოითხოვა. იმავე დღეს შს სამინისტრომ სასამართლოს ნიკა გვარამიას დაკითხვის შუამდგომლობით მიმართა. 

შეგახსენებთ, რომ 2016 წლის 4 ოქტომბერს www.youtube.com-ზე გამოქვეყნდა ნიკა გვარამიასა და მამუკა ახვლედიანს შორის პირადი საუბრის ამსახველი ჩანაწერი. ამავე დღეს გამართულ ბრიფინგზე რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარესთან საუბარი ფარულად მან ჩაიწერა, ინტერნეტ სივრცეში გავრცელებული ვერსია კი, ამ საუბრის ჩანაწერის დამონტაჟებული ვერსიაა.  

დღის ამბები