ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომა, სადაც პარლამენტარები ნინო გვენეტაძის ანგარიშს ისმენდნენ, მწვავე განხილვების ფონზე მიმდინარეობდა.
ოპოზიციის მიერ უზენასი სასამართლოს თავმჯდომარის მისამართით დასმული შეკითხვები რამდეჯერმე უმრავლესობასთან დაპირისპირებაშიც გადაიზარდა. ოპოზიციას შეკითხვები ჰქონდა რუსთავი 2-ის საქმეზე, მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლისა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის, მიხეილ ჩინჩალაძის შესახებ.
„საყვედურობდით და ხშირად სამართლიანად წინა ხელისუფლებას, რომ სასამართლო იყო დაქვემდებარებული პროკურატურას, სწორედ ბატონი ჩინჩალაძე იყო ადამიანი და არის დღესაც ადამიანი, რომელიც იყოს და არის გაგრძელება პროკურატურის ოღონდ უზენაეს სასამართლოში და ყველა უკანონო დავალებას ბატონი ჩინჩალაძე ასრულებდა. ეს ჩინჩალაძე დღესაც არის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე და ზუსტად იგივეს აკეთებს. ეს ყველაფერი, მინიმუმ, დისკომფორტს არ გიქმნით? ჩინჩალაძე რეალურად არის პროკურატურის შლეიფი თუ არ არის?“- მიმართა ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ნიკა მელიამ შეკითხვით ნინო გვენეტაძეს.
ფრაქცია ქართული ოცნების წევრმა, ფატი ხალვაშმა კომენტარი რუსთავი 2-ის საქმეზე გააკეთა და აღნიშნა, რომ პროცესი სასამართლოში მიმდინარეობს და ყველა მის გადაწყვეტილებას უნდა დაელოდოს,
„ვინმემ ოდესმე თქვა, რომ რუსთავი 2 უნდა დავხუროთ ან შეწყვიტოს მაუწყებლობა? რატომ აპელირებთ დახურვაზე და რატომ გინდათ ოპოზიციას ცრუ ინფორმაცია მიაწოდოთ? რუსთავი 2 თქვენ ხელში ყოველთვის იყო პოლიტიკური იარაღი ერთი პოლიტიკური პარტიის და დღესაც აგრძელებთ ხალხის ძალადობას და სიცრუის მიწოდებას. არავინ აპირებს რუსთავი 2-ის დახურვას. ჩვენ გვახსოვს პერიოდი, როდესაც სასამართლოებში 99% გამამტყუნებელი განაჩენი გამოდიოდა, დავაცადოთ სასამართლოს,“- მიმართა ფატი ხალვაშმა ოპოზიციას, რაზეც ნიკა მელიამ უპასუხა, რომ „ვისაც, გამოჰქონდა, დაინტერესდით, ბატონი ჩინჩალაძით დაინტერესდით“, რაზეც ქართული ოცნების წევრმა, სოფო კილაძემ მიუთითა, რომ ნიკა მელიასთვის მიკროფონი გაეთიშათ.
„გაცალეთ თქვენ პასუხი შეკითხვის დროს, გამოურთეთ ახლა მიკროფონი, რა არის რა წესია, წესები დავიცვათ, ნაციონალური მოძრაობა ამდენი ხანი საუბრობდით, გაცალეთ ყველამ მიუხედავად იმისა, რომ არ გეთანხმებით, არ არის ეს ზრდილობა,“- აღნიშნა სოფო კილაძემ.
ავტორი: ნინო სამყურაშვილი.