არასამთვრობო ორგანიზაციების საგანგებო განცხადება რუსთავი 2-ის საქმის გარშემო მიმდინარე მოვლენებს ეხება. განცხადების ერთი ნაწილი მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ძმისთვის მერიის მიერ გადარიცხული მილიონის კანონიერებას უკავშირდება.
მმართველი გუნდის შეფასებით, მესამე სექტორის წევრების განცხადება თანხის გადარიცხვის კანონიერებას ადასტურებს. საპარლამენტო უმრავლესობამ დღეს ოპოზიცია ტყუილის გავრცელებაშიც დაადანაშაულა.
ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ არასამთავრობო სექტორის წევრები სწორედ იმ კითხვებს სვამენ, რასაც საზოგადოება და ოპოზიცია. მათი შეფასებით, სწორედ გამოძიებამ უნდა დაადგინოს, იყო თუ არა ქრთამი ნაზღაიძისთვის მერიიდან მიღებული მილიონი.
არასამთავრობოების განცხადებას დღეს რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორიც გამოეხმაურა. ნიკა გვარამია აცხადებს, რომ რუსთავი 2 მზად არის ღია ეთერი დაუთმოს ნატა ნაზღაიძის ძმისთვის გადაცემული მილიონის საქმის განხილვას საკრებულოში და საზოგადოებამ შეკითხვებზე პასუხი მოისმინოს.
დღის ბოლოს განცხადების ავტორებმა ნატა ნაზღაიძის საქმის ნაწილზე მიმართვის შემდეგ გაჩენილი შეკითხვები კიდევ ერთხელ განმარტეს. არასამთავრობოები ამბობენ, რომ მათი განცხადება, სწორედ ობიექტური გამოძიების და შეკითხვებზე პასუხის გაცემის აუცილებლობაზე მიუთითებს.
განცხადების კიდევ ერთი ნაწილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლას ეხება. არასამთავრობოები მოუწოდებენ პროკურატურას, საქმისადმი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მტკიცებულებები გაასაჯაროოს.