რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია უზენაესი სასამართლოს მიერ 2 მარტს ტელეკომპანია რუსთავი 2-ის პროცესის დანიშვნასა და კოლეგიის წევრების ვინაობის დასახელებას ეხმაურება. გვარამიას თქმით პალატაში არიან ის მოსამართლეები, რომლის აცილებასაც რუსთავი 2 ითხოვდა.
„შემადგენლობაში არის 2 მოსამართლე, რომელიც ჩვენ აცილებული გვყავდა-პირველი ეს არის ნინო გვენეტაძე, რომელიც გამოკვეთილად პოზიციონირებს რუსთავი 2-ის მიმართ ნეგატიურად, ერთ-ერთ ინტერვიუში მან ყვითელი არხიც გვიწოდა და თქვა, რომ კომენტარს არ გააკეთებდა ყვითელი არხის განცხადებებზე, ასევე ვიცით ტესტების სკანდალი, რომელშიც ის გახვეულია და ვფიქრობთ, რომ მანიპულირებადია ხელისუფლების მხრიდან. მეორე მოსამართლე, რომლის კომპეტენციაშიც ჩვენ ეჭვი არ შეგვაქვს, მაგრამ შეგვაქვს ეჭვი მის მიუკერძოებლობაში, ვფიქრობთ, რომ ის ვერ იქნება მიუკერძოებელი რადგან არის ქართული ოცნების მხარდამჭერი, შემომწირველი ქართული ოცნების და ბანკი ქართუს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი იყო. ჩვენ მიგვაჩნია, რომ იმ საქმეში, რომელსაც სახელმწიფო წარმართავს რუსთავი 2-ის წინააღმდეგ ამგვარი მოსამართლე არ უნდა იღებდეს მონაწილეობას.
"ჩვენ ვიცით რომ მოსამართლეებზე მიმდინარეობდა ზეწოლა, ეს ყველამ იცის ყველა ინსტანციაში ხდებოდა ეს, ვერცერთ ინსტანციაში მოსამართლეებმა ამას ვერ გაუძლეს, გამონაკლისი არიან უზენაესი სასამართლოს ის სამი მოსამართლე, რომელთაც საქმე დიდ პალატას გადასცეს," -აცხადებს ნიკა გვარამია.
სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის იურისტის, თამთა მურადაშვილის განცხადებით, უზენაესი სასამრთლოს მიერ სხდომის ასე მოულოდნელად ჩანიშვნა ეჭვებს აჩენს.
„არსებობდა ინფორმაცია რომ ხელისუფლება ცდილობდა, რომ თებერვლის ბოლომდე დაესრულებინა პროცესი, ამიტომ ეს ინფორმაცია, რომ ესე უცბად ჩაინიშნა სხდომა გარკვეულ ეჭვებს აჩენს,“ - აცხადებს თამთა მურადაშვილი.