რუსთავი 2-ის საკითხზე შეფასებები გაკეთდა არასაპარლამენტო ოპოზიციაში, მათ შორის თავისუფალ დემოკრატებშიც. ისინი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს მოუწოდებენ, გადაწყვეტილება კანონის ჩარჩოებში მიიღონ.
„დიდი ხანია ველოდებით ამ სხდომის დანიშვნას, რადგან როგორიც ვიცით, ყველანაირი ვადა გადაწყვეტილების მიღების შესახებ არის გასული. ჩვენ გვინდა გვჯეროდეს და მოვუწოდოთ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს, რომ მათ მიიღონ მხოლოდ კანონისა და კონსტიტუციის მიხედვით გადაწყვეტილება და არ დაექვემდებარონ იმ პოლიტიკურ ზეწოლას, რომელიც ამდენი ხანი თან სდევს რუსთავი 2-ის საქმეს. მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი ჩვენს ქვეყანაში სიტყვის თავისუფლების და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პერსპექტივის შენარჩუნება,“ - განაცხადა ნინო გოგუაძემ.
კომენტარი გააკეთა ლეიბორისტული პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი გუგავამ, რომელმაც განაცხადა, რომ „რუსთავი 2-ის საქმემ შეიძინა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა.“
„უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე დამოკიდებული იქნება არსებობს თუ არა ამ ქვეყანაში თავისუფალი სასამართლო და მართლმსაჯულება, დაცული არის თუ არა სიტყვის თავისუფლება. თუ ამას არ გაითვალისწინებს და გამოიტანს უკანონო გადაწყვეტილებას, ეს გამოიწვევს ქვეყანაში დესტაბილიზაციას,“ - განაცხადა გიორგი გუგავამ.
ავტორი: ანა წერეთელი.