2 მარტს უზენაეს სასამართლოში ჩანიშნული რუსთავი 2-ის პროცესის ფორმატსა და მოსამართლეთა შემადგენლობაზე ამახვილებენ ყურადღებას მედია ექსპერტები.
მათი თქმით, დახურულ კარს მიღმა მიღებული გადაწყვეტილება მსგავსი ტიპის მაღალი ინტერესის მქონე საქმესთან დაკავშირებით ნაკლებად სანდო იქნება.
„ამ საქმეს თავიდანვე, დღიდან სასამართლოში შესვლისა ჰქონდა პოლიტიკური ელფერი და ეს დამტკიცდა არა ერთ სასამართლო პროცესზე. სწორედ ამიტომ მიჩნდება მე კითხვები, რატომ არის სასამართლო პროცესი დახურული, ეს ერთი და მეორე კითხვა, რომელიც ბუნებრივია ჩნდება - რატომ არიან კოლეგიაში ისევ ის მოსამართლეები, რომელთა აცილებასაც ასე დაჟინებით ითხოვდა მხარე,“ - აცხადებს ნინო დანელია.
აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ეროვნული პლატფორმის წევრი, ჟურნალისტი ლაშა ტუღუში, საქმეზე საუბრისას სასამართლო გადაწყვტილების მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას. ტუღუში რუსთავი 2-ის საქმეს ე.წ. წყალგამყოფს უწოდებს და მიმართავს მოსამართლეებს, არ მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საზიანო იქნება სახელმწიფოს განვითარებისთვის.
„ეს პროცესი არის წყალგამყოფი, სად იქნება ჩვენი სახელმწიფო. ვიქნებით იმ ნაპირზე, სადაც დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობა მიმდინარეობს, თუ ნაპირზე, სადაც ასეთ ქვეყნის მშენებლობა არ მიმდინარეობს. ამიტომ, მინდა მივმართო სასამართლოს, რომ ძალიან კარგად დაფიქრდეს და არ მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც საზიანო იქნება ზოგადად სახელმწიფოს განვითარებისათვის,“ - განაცხადა ლაშა ტუღუშმა.