ევროპის სახალხო პარტიის ფრაქციის ლიდერთან ენმ-ს წევრების შეხვედრაზე საუბრის ძირითადი თემა, რუსთავი 2 და თავისუფალი მედია იყო.
განცხადება სამაუწყებლო კომპანიის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე მანფრედ ვებერმა გააკეთა. ვებერი ამბობს, რომ საქართველომ პატივი უნდა სცეს წესებს, ერთ-ერთი მთავარი წესი კი თავისუფალი მედიის არსებობაა.
მისივე თქმით, ევროპის სახალხო პარტია ყურადღებით აკვირდება რუსთავი 2-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს და სასამართლო პროცესს.
„ევროკავშირმა ქართველებს ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალი მისცა. ჩვენ უვიზო მიმოსვლა შემოვიღეთ, რაც იყო ნიშანი იმისა რომ გვსურს პარტნიორობა, ერთად მუშაობა და გვინდა რომ საქართველო მივიღოთ ევროპულ ოჯახში. მეორეს მხრივ საქართველომ პატივი უნდა სცეს წესებს და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წესი დემოკრატიაში არის თავისუფალი მედია, მედიის თავისუფლების პატივისცემა.
"ამიტომ გამოძიება და სასამართლო პროცესი ძალიან კრიტიკული საკითხია. ჩვენ ყურადღებით მივადევნებთ მას თვალს და იმედი გვაქვს საქართველოს ხელისუფლება პატივს სცემს თავისუფალი მედიის პრინციპს,“-განაცხადა ევროპის სახალხო პარტიის ფრაქციის ლიდერმა მანფრედ ვებერმა.
ნაციონალური მოძრაობის ლიდერები ბრიუსელში უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით საქართველოს საკითხზე მომხსენებელ მარია გაბრიელსაც შეხვდნენ, მას გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადეს და საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე ესაუბრნენ.