"საქართველოში ოფიციალურად დამყარდა დიქტატურა,“ - განაცხადა სამაუწყებლო კომპანია რუსთავი2-ის გენერალურმა დირექტორმა სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე.
„რუსთავი2 არის ამ ქვეყნის ერთადერთი მსხვილი კრიტიკული მედია და დღეს გამოცხადდა ბიძინა ივანიშვილისთვის გადაცემის შესახებ. ჩვენ მივიჩნევთ, რომ ქვეყანაში ვითარება უკიდურესად დაიძაბა. საქართველოს საერთაშორისო იმიჯი, გამომდინარე იმ განცხადებებიდან, რაც უკვე გაკეთდა, ძალიან სერიოზული საფრთხეები წინაშე დადგა. ამიტომ რუსთავი2-ის გუნდი აკეთებს შემდეგ განცხადებას: მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ ვაღიარებთ უკანონო გადაწყვეტილებას და მივიჩნევთ მას პოლიტიკურ და არასამართლებრივ გადაწყვეტილებად, ფორმალურად, ის არის მაინც ძალაში. ჩვენ გვქონდა კონსულტაციები მესაკუთრეებთან, რომლებიც ნამდვილად კანონიერი მესაკუთრეები არიან, მიუხედავად იმისა, რას იტყვის 9 სულგაყიდული მოსამართლე, მათ ექნებათ საერთაშორისო სასამართლო დავები ქიბარ ხალვაშთან.
"ამ ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ ვაკეთებთ შემდეგ განცხადებას - რაკიღა ოფიციალურად დეკლარირებულია, რომ რუსთავი2-ის სარედაქციო პოლიტიკის შენარჩუნება არის მნიშვნელოვანი, რაკიღა ტვ პირველის ეთერში და მადლობა ამ კომპანიას, ქიბარ ხალვაშმა გააკეთა განცხადება, რომ მისთვის ეს არის ბიზნესის საკითხი და ის აპირებს რუსთავი2-ის გაყიდვას, ვაკეთებთ შემდეგ შეთავაზებას, ჩემს უკან დგანან ადამიანები, ვის მხარზეც დგას დღეს რუსთავი2, ესენი არიან ადამიანები, ვის გამოც რუსთავი2 არის ისეთი, როგორიც არის და მე კი არა, გადაეცით რუსთავი2 მის კოლექტივს. თუ არ იტყუებით, თუ არ ცრუობთ და, თუ არ გინდათ ამ ქვეყანაში ერთხმად აჟღერებული ტელევიზია, გადაეცით ტელევიზია ამ კოლექტივს,“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
რუსთავი2-ის გენერალური დირექტორი ქიბარ ხალვაშს სთავაზობს, რომ მისი კომერციული ინტერესის დასაკმაყოფილებლად, დარჩენილ თანხას, რომელსაც ის ითხოვდა, გადაუხდიან.
„3 944 397 დოლარს გადავიხდით ჩვენ,“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
მისი თქმით, რუსთავი2 პირდაპირ ეთერში მაუწყებლობას განაგრძობს და ეს ტელეკომპანიის ბოლოს სიტყვაა.
„ჩვენ ვერ გაგვიყვანეთ ეთერიდან, თუ გამორთავთ ეთერს, თუ გაგვიყვანეთ ჩვენ აქედან, მოგიწევთ კიდევ უფრო მეტი ზიანის აღება საკუთარ თავზე და ქვეყნის დაზარალება შეუქცევადად, რისი სურვილიც ჩვენ არ გვაქვს, ჩვენ ამ ქვეყნის შვილები ვართ,“ - აცხადებს ნიკა გვარამია.