უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რუსთავი 2-ის მფლობელი გიორგი ყარამანიშვილი პირველ კომენტარს აკეთებს.
ყარამანიშვილი ამბობს, რომ მას შემდეგ რაც უზენაესმა სასამართლომ ტელეკომპანიის მფლობელებს რუსთავი 2-ის წილებზე საკუთრების უფლება ჩამოართვა, მოსარჩელე მხარე გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.
„მთელი საქართველო აკვირდებოდა იმ პროცესებს, რომლებიც ბოლო ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა ქართულ სასამართლოში. რუსთავი 2-თან დაკავშირებული პროცესი თავიდან ბოლომდე პოლიტიზირებული იყო. ხელისუფლების მიერ ორ კერძო სუბიექტს შორის დავად მონათლულ პროცესს არანაირი კავშირი არ ჰქონდა რეალობასთან. ამ ორ სუბიექტს, კერძოდ ჩვენ და ქიბარ ხალვაშს, არასდროს არანაირი ურთიერთობა რუსთავი 2-თან დაკავშირებით არ გვქონია. მაშინ როდესაც ჩვენ გავხდით მფლობელები, არავითარი სამართლებრივი დავა და პრეტენზიები კომპანიასთან დაკავშირებით არ არსებობდა. მიუხედავად ამ აბსურდისა, ქართულმა სასამართლომ მაინც მიიღო გადაწყვეტილება, რომელმაც ერთბაშად გაანადგურა საქართველოში სიტყვის თავისუფლების, საკუთრების და სამართლიანი სასამართლოს უფლება. შეილახა საქართველოს კონსტიტუციით და საერთაშორისო კონვენციებით გარანტირებული ჩვენი უფლებები. ამიტომ ჩვენი უფლებების დასაცავად მივმართავთ ყველა დარჩენილ სამართლებრივ გზას, მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს დაუყოვნებლივ განიხილოს ჩვენი სარჩელები. მივმართავთ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს სარჩელის შეტანამდე გამოიყენოს დროებითი ღონისძიება და შეაჩეროს უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული უკანონო გადაწყვეტილება,“-განაცხადა გია ყარამანიშვილმა.