საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლის სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში საქართველოსთვის და ქვეყნის ხელისუფლებისთვის საგანგაშოა.
ყოველწლიურ ანგარიშში ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ, ყურადღების ქვეშ რუსთავი 2-ის გახმაურებული საქმე მოექცა და მოხსენებაში ასევე საუბარია რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებული სამართალწარმოების დროს არსებულ სერიოზულ დარღვევებზე.
„სახელმწიფო დეპარტამენტის ეს მოხსენება არის საგანგაშო გზავნილი საქართველოს ხელისუფლებისთვის. სამწუხაროა უკიდურესად, რომ ჩვენს პარტნიორებს უკვე ეჭვი არ ეპარებათ იმაში, რომ საქართველოში სასამართლო ხელისუფლება არ არის დამოუკიდებელი და ეს განსაკუთრებით გამოვყო მინდა რუსთავი 2-ის საქმეზე,“ - აცხადებს იურისტი დავით ჯანდიერი.
მისი აზრით, რუსთავი 2-ის ინტერესები დასაცავად მსგავსი განცხადებების ევროსასამართლოში გამოყენება აუცილებელია.
სტრატეგიული კვლევების ცენტრის დამფუძნებელი, გიორგი რუხაძე კი ფიქრობს, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან სასამართლოსა და მედიაზე აშკარა ზეწოლა ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ პერსპექტივაზე ცუდად აისახება.