19 ნოემბერი 2024,   02:40
ვრცლად
"მიღებულმა გადაწყვეტილებამ აღაშფოთა ყველა, ერი და ბერი," - ეპისკოპოსი მალხაზ სონღულაშვილი "რუსთავი 2"-ის საქმეს ეხმაურება

რუსთავი 2-ის საქმეს განცხადებით გამოეხმაურა ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი, მალხაზ სონღულაშვილი. თბილელი მიტროპოლიტი და მშვიდობის კათედრალური ტაძრის წინამძღოლი მმართველი გუნდის წევრებს ადამიანის უფლებების დაცვისკენ მოუწოდებს.

"როდესაც ვამბობთ, რომ საქართველოში მრავალფეროვანი და კრიტიკული მედიის არსებობას საფრთხე ექმნება, ეს იმას ნიშნავს, რომ საფრთხე ექმნება ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს. არა მხოლოდ ერთსა და ორ უფლებას, არამედ ყველას.

"ყველამ ვიცით, რომ ამა წლის 2 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა და ერთხმად მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება ტელეკომპანია რუსთავი 2–ის გარშემო მიმდინარე დავასთან დაკავშირებით. მიღებულმა გადაწყვეტილებამ აღაშფოთა ყველა, ერი და ბერი.

"შეიძლება ვინმეს გულზე არ ეხატებოდეს რუსთავი 2, მაგრამ ყველანი უნდა მივხვდეთ, რომ რუსთავი 2-ის ხელყოფა და ნებისმიერი კრიტიკული მედია საშუალების ხელყოფა, საქართველოში, თითოეული ადამიანის უფლებებს ლახავს.

"მე ამაყი ვიქნები, თუ საქართველოს ხელისუფლება თავის მოქალაქეობრივ მოვალეობას შეასრულებს და რუსთავი 2 საქმეს შეხედავს არა პარტიული და პარტიზანული, არამედ სახელმწიფოებრივი პერსპექტივიდან. მე ამაყი ვიქნები თუ რუსთავი 2-ის მიმართ თანადგომას გამოხატავენ ის პოლიტიკოსები, რომლებიც რუსთავი 2-ს კრიტიკის ქარ-ცეცხლში ჰყავს გამოტარებული არაერთხელ და ორჯერ.

"მე ამაყი ვიქნები თუ ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი და პრემიერი, ასევე ქალბატონი იუსტიციის მინისტრი (მსგავსად პირველი ლედისა) ერთად მივლენ რუსთავის 2-ის შენობასთან თავიანთი თანადგომის გამოსახატავად. ეს ისეთი დროა, როდესაც ყველამ განზე უნდა გადავდოთ ჩვენი პარტიული ლოიალობები და პოლიტიკური პრეფერენციები. დღეს ყველანი ადამიანის უფლებათა სადარაჯოზე უნდა დავდგეთ," - ნათქვამია ეპისკოპოსის განცხადებაში. 

დღის ამბები