19 ნოემბერი 2024,   02:15
ვრცლად
არასამთავრობოები პრემიერის ინიციატივას ჩიხური სიტუაციიდან გამოსვლის მცდელობად აფასებენ

პრემიერმინისტრის ინიციატივას ქვეყანაში მედიაომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნის თაობაზე, მედიაექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციები აფასებენ. მათი აზრით, ხელისუფლება ახლა ჩიხურ მდგომარეობაში აღმოჩნდა და ამ სიტუაციიდან გამოსვლის გზას ეძებს.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი, ნატა ძველიშვილი ამბობს, რომ ინიციატივაზე საუბარი ძალიან ზოგადი იყო. მისი განცხადებით, საუბარია იმაზე, რომ ინსტიტუტი დაკომპლექტდეს საერთაშორისო ექსპერტებით და მაგალითისთვის დასახელებული იყო დუნია მიატოვიჩი.

„ძალიან ბევრი საუბრობს კონკრეტულ რეკომენდაციაზე, ძალიან ბევრ უწყებას აქვს კონკრეტული მონიტორინგის უფლება, თუმცა მისი აღსრულების მექანიზმები არ არსებობს. ხელისუფლება ცდილობს, რომ რაღაც მოიფიქროს იმისთვის, რომ ამდენი კითხვის ნიშანი არ არსებობდეს საქართველოში მედიაგარემოსთან დაკავშირებით,“ - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრის, ზვიად ქორიძის აზრით, თუ ინსტიტუცია ბიუჯეტის სახსრებით შეიქმნება, ის მაინც მთავრობასთან იქნება ასოცირებული.

ფონდ ევროპული ინიციატივა - ლიბერალური აკადემია თბილისის ხელმძღვანელი, ლაშა ტუღუში კი ფიქრობს, რომ ამ ინიციატივით გიორგი კვირიკაშვილი რთული მდგომარეობიდან გამოსვლას ცდილობს.

„მე მეჩვენება, რომ ამ ვითარებაში რეაქცია აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელის არის ლოგიკური, იმიტომ რომ ვითარება საკმაოდ რთულია. ვითარება არის კრიზისული, იმიტომ რომ დღეს დგას საქართველოს მართლმსაჯულების ავტორიტეტი სასწორზე. თუ სტრასბურგი გვეტყვის, რომ ის კრიტიკა, რომელიც ისმოდა გაუთავებლად სასამართლოს სხვადასხვა ინსტანციის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, საფუძვლიანია, მაშინ ჩვენ ძალიან სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოვჩნდებით და ეს იქნება ძალიან სერიოზული დარტყმა ზოგადად ქვეყნის იმიჯზე,“ - განაცხადა ლაშა ტუღუშმა.

დღის ამბები