დღეს საქართველოს პრემიერმინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი მედიაომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნის ინიციატივით გამოვიდა. მედიის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ პრემიერის ეს შეთავაზება ხელისუფლების რთულ მდგომარეობაში აღმოჩენით აიხსნება. მათი აზრით, ქვეყანაში დამატებითი ინსტიტუტების შექმნა საჭირო არ არის.
„დღეს ფორმალიზმის დრო არ არის და არ მაინტერესებს რა ინსტიტუტს შექმნის ხელისუფლება, მას შეუძლია ელემენტარულად დაიცვას რაღაც წესები, ცივილიზებული სამყაროს მიერ აღიარებული და არ არის საჭირო ზედმეტი ინსტიტუტების დამატება, რაც შესაძლოა უბრალოდ თვალის ახვევა იყოს დასავლეთისთვის და ჩვენთვის, ქვეყნის შიგნით,“ - განაცხადა ტელეკომპანია კავკასიას გენერალურმა დირექტორმა, ნინო ჯანგირაშვილმა.
ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე კი ფიქრობს, რომ არსებულ მდგომარეობაში ხელისუფლების მხრიდან შეთავაზებული ინიციატივა ეჭვს ბადებს, რომ ეს მთავრობის „გადაწყვეტილებების ლეგიტიმაციისთვის ხდება“, რადგან საქმე უკვე სტრასბურგის სასამართლოს აქვს გადაცემული.
„მთავარი საფრთხე, რომელიც აქვს ხოლმე მედიას, ეს საფრთხე მომდინარეობს ხელისუფლებისგან. ამიტომ ბუნებრივია, ახლა ხელისუფლებმა ვერ შექმნის ინსტიტუტს, რომელიც ხელისუფლებისგანვე დაგვიცავს ჩვენ ყველას და დაიცავს საქართველოში მედიას. ამიტომ მგონია ეს მორიგი პოლიტიკური თამაში,“ - განაცხადა მასკომუნიკაციის დოქტორმა, ნინო დანელიამ.