ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე, სადაც რუსთავი 2-ის საქმეზეცაა საუბარი, ქართული ოცნების წევრების მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ ის გადამეტებულია, არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები აკრიტიკებენ. ექსპერტების თქმით, ხელისუფლების მხრიდან ანგარიშის ამგვარი შეფასება საგანგაშოა.
„როდესაც ხელისუფლება ასეთ განცხადებას აკეთებს და ასეთი დამოკიდებულება აქვს სახელმწიფო დეპარტამენტის მიმართ, მთავარი სტრატეგიული პარტნიორის მიმართ, უკვე საგანგაშოა. 2 მიზეზი შეიძლება იყოს, ვერ ხვდებიან და არ ესმით, ან ხვდებიან, მაგრამ უკვე ისეთ სიტუაციაში ჩაიყენეს თავი, რომ სხვა ფორმის რეაგირების საშუალებაც არ აქვთ,“- განაცხადა საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე პრეზიდენტმა, ბათუ ქუთელიამ.
არასამთავრობო ორგანიზაციების წევრების აზრით, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში რუსთავი 2-ის საკითხის აღნიშვნა მიმანიშნებელია, რომ მათი აზრით, ეს საკითხი პრობლემურია.
„იმ ადამიანებმა, რომლებიც ამაზე საუბრობენ, არ იციან როგორ იწერება ეს ანგარიშები, ამ ანგარიშებში ყოველთვის არის სანდო წყაროებზე დაყრდნობით მოცემული ინფორმაცია. იმ შემთხვევაში თუკი ბევრი კრიტიკული აზრია სხვადასხვა მხრიდან, ცხადია, რომ დამოკიდებულებაც არის ასეთი სახელმწიფო დეპარტამენტიდან. ის ფაქტი, რომ ეს საკითხები აღნიშნულია, ეს მიმანიშნებელია, რომ ისინი ფიქრობენ, რომ ეს არის პრობლემატური,“- განაცხადა საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა.