რუსთავი 2-ის საქმეზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე ქართული ოცნების წევრების მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ ის გადამეტებულია, ოპოზიციაში აკრიტიკებენ.
ევროპულ საქართველოში მიაჩნიათ, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში რეალობას ასახავს, რა აღქმაც აქვს ქართულ და საერთაშორისო საზოგადოებას.
„საერთაშორისო საზოგადოებას, აღარავის არ სჯერა, რომ ეს არის 2 კერძო სუბიექტს შორის დავა,“- განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა რუსთავი 2-ის საქმეზე.
ნაციონალური მოძრაობის წევრების აზრით, სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ მიმდინარე პროცესებზე პასუხისმგებელია საქართველოს ხელისუფლება.
"ეს განცხადება არის უმკაცრესი და უპრეცენდენტო გაფრთხილება სწორედ ხელისუფლების წინააღმდეგ,“- განაცხადა ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრმა, მარიამ გერსამიამ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშთან დაკავშირებით.
რესპუბლიკურ პარტიაში ამბობენ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ პატივი უნდა სცეს საერთაშორისო პარტნიორებს.
„ჩვენმა ხელისუფლებამ ჩვენს საერთაშორისო მეგობრებს, ორგანიზაციებს, პარტნიორებს, რომლებთანაც ამდენი წელია ვთანამშრომლობთ და ეს არის საქართველოს მოქალაქეების არჩევანი, პატივი უნდა სცეს და შესაბამისად შეაფასოს ეს დასკვნები,“- განაცხადა რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ.
თავისუფალი დემოკრატების აზრით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ძალიან ყურადსაღებია. პარტიის წევრი, ლევან სამუშია ქართული ოცნების წევრების განცხადებებს სასაცილოს უწოდებს.