ჰიუმან რაით ვოჩის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის დირექტორი, გიორგი გოგია, ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშიდან მედიის თავისუფლების შეზღუდვაზე ამახვილებს ყურადღებას.
მისი თქმით, ორგანიზაცია სამაუწყებლო კომპანიის ირგვლივ მიმდინარე სასამართლო პროცესების გამო შეშფოთებას გამოხატავს.
„ორგანიზაცია გამოთქვამს შეშფოთებას მთელი სასამართლო პროცესის მიმდინარეობის შესახებ და მის სხვადასხვა ეტაპზე, როდესაც იკვეთებოდა ხელისუფლების სავარაუდო ჩარევის ფაქტები. ასევე, როდესაც ხორციელდებოდა ზეწოლა არხის გენერალურ დირექტორზე და როდესაც ხელისუფლების მიერ არასათანადოდ იქნა ის გამოძიებული,“ - განაცხადა გოგიამ.
კურიერის ეთერში გიორგი გოგია რუსთავი2-ის სარედაქციო პოლიტიკის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას, რადგან მისი თქმით, რუსთავი2-ს რეიტინგული არხია.
„მისი სარედაქციო პოლიტიკის ცვლილებით მნიშვნელოვანი ზიანი მიადგება მედიის მრავალფეროვნებას, შესაბამისად, მედია თავისუფლებას ქვეყანაში. ამის შესახებ საუბრობს ორგანიზაცია. ორგანიზაცია გამოხატავს შეშფოთებას ზოგადად მედიაგარემოზე, იქიდან გამომდინარე, რომ რუსთავი2 არის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იმ მედიასივრცისა ქვეყანაში, რომელშიც ასევე ვხედავთ ნეგატიურ ცვლილებებს,“ - განაცხადა გიორგი გოგიამ.
მისი თქმით, ისეთი ფაქტები, როგორიცაა საზოგადოებრივ მაუწყებელზე მიმდინარე პროცესები, დახურული გადაცემები, იძლევა იმის საფუძველს, რომ „მედია გარემო ქვეყანაში იცვლება“.
მან ასვე აღნიშნა, რომ ქვეყანაში არსებობს საკმარისი ინსტიტუტები, რომლებსაც საკითხის დარეგულირება შეუძლიათ და ახალი, მედიაომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნით დაგროვილ კითხვებს პასუხი ვერ გაეცემა.