არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას თავმჯდომარე გიორგი მშვენიერაძე კურიერის პირდაპირ ეთერში აცხადებს, რომ თუკი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაადგენს, რომ რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი მნიშვნელოვანი დარღვევებით წარიმართა, რასაც შედეგად მოყვა სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის და ყარამანაშვილების უფლებების დარღვევა, პასუხი უნდა აგონ კონკრეტულმა ადამიანებმა.
„ბუნებრივია, ამ ყველაფერში, პირველ რიგში ხელი უნდა გავიშვიროთ იმ 9 მოსამართლისაკენ, რომლებმაც სამწუხაროდ, ერთხმად მიიღეს გადაწყვეტილება, რომელმაც შექმნა რისკი, რომ საქართველოში დავმშვიდობებოდით სიტყვის თავისუფლების დღეს არსებულ სტანდარტს და საქართველოში შეგვეფერხებინა სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარება,“ - განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.
ის სტრასბურგის გადაწყვეტილებას აფასებს და ამბობს, რომ ამით ხელისუფლებას კიდევ ერთი შანსი მიეცა, რომ საკუთარ გადაწყვეტილებებს გადახედოს.
„დავის ფარგლებში, რუსთავი 2-მა პრეცედენტი შექმნა, მთელი ევროპისათვის,“ - განაცხადა მშვენიერაძემ.