ვიცე პრემიერი კახა კალაძე რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერმინისტრისთვის ევროპარლამენტარების მიერ მიწერილ წერილს ეხმაურება. ვიცე პრემიერი ამბობს, რომ წერილის შინაარს იცნობს, თუმცა შეფასებებს არ ეთანხმება.
„წერილის შინაარსი ვიცი, გავეცანი და შესაბამისად, ჩვენი პასუხიც იქნება წარმოდგენილი უახლოეს დღეებში. მე ისევ ჩემს აზრზე ვრჩები, საქართველოში არც ერთ მედია საშუალებას არ აქვს საფრთხე. დამთავრდა ის დრო, როდესაც ტელევიზიებში ხელკეტებით, ნიღბებით უვარდებოდნენ. დამთავრდა ის დრო საქართველოში, როდესაც ტელევიზიების დახურვა მიდიოდა. არც ერთ მედია საშუალებას და არც რუსთავი 2 -ს არანაირი საფრთხე არ გააჩნია საქართველოში და ჩვენი მთავრობის პირობებში. თუ არის რაიმე ხარვეზი რა თქმა უნდა ეს აუცილებლად უნდა გამოსწორდეს. კიდევ ბევრი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ წინ წავიდეთ. უბრალოდ ის, რომ თითქოს მედია არის ტერორის ქვეშ, ეს არის ძალიან დიდი სიცრუე და ტყუილი,“ - განაცხადა კახა კალაძემ.
ვიცე პრემიერი არ გამორიცხავს, რომ ევროპარლამენტარებს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის საქმესთან და ქვეყანაში არსებულ მედია გარემოსთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაცია ჰქონდეთ.
„შეიძლება არასწორი ინფომრაცია ჰქონდეთ, მათი განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს მიდის კონკრეტული მედიასაშუალებების მიმართ ჩვენი მხრიდან ზეწოლა, არის არასწორი,“ - აცხადებს კალაძე.