11-12 მარტს ბათუმში მომხდარი არეულობა სახალხო დამცველის წლიურ ანგარიშში მოხვდა. ომბუდსმენი შესაბამის სახელმწიფო უწყებებს არასათანადო რეაგირების გამო აკრიტიკებს.
სახალხო დამცველი 22 წლის დემურ სტურუას საქმეზე სრულყოფილ გამოძიებას მოითხოვს. სიცოცხლე სამტრედიელმა ახალგაზრდამ თვითმკვლელობით დაასრულა. სიკვდილის წინ ოჯახის წევრებისთვის დატოვებულ წერილში კი მიზეზად პოლიციის თანამშრომლის მხრიდან მუქარა და შანტაჟი დაასახელა.
ომბუდსმენი ნარკოდანაშაულისთვის პატიმრობის, როგორც არაჰუმანური სასჯელის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს და ამ პრაქტიკის გაუქმებას მოითხოვს მთავრობისგანაც.
სამართალდამცველების მხრიდან არასათანადო რეაგირებისა და უფლებამოსილების გადამეტების შემთხვევების შესამცირებლად კი ომბუდსმენი ხელისუფლებას დამოუკიდებელი საგამოძიებო უწყების შექმნისკენ მოუწოდებს, რომელიც მათ გადაცდომებს გამოიძიებს.
ძალოვანი უწყებების მხრიდან უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საფრთხედ ასახელებს ომბუდსმენი ფარული მოსმენა-მიყურადების ახლადდამტკიცებულ რეგულაციებს. სახალხო დამცველი ე.წ. გასაღების სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დატოვებას აპროტესტებს.
უჩა ნანუაშვილი პროკურატურასაც მიმართავს და გასული წლის განმავლობაში სოციალური ქსელით გავრცელებული უკანონო ფარული ჩანაწერების საქმეებზე დროულ და სრულყოფილ გამოძიებას მოითხოვს.
სახალხო დამცველის შენიშვნებსა და რეკომენდაციებს შორის მოხვდა ე.წ. ციანიდის საქმეც. ომბუდსმენის აზრით, სახელმწიფომ ბრალდებულის უფლებები დაარღვია მაშინ, როცა დაცვის მხარეს გაუთქმელობის პირობა ჩამოართვა და ბრალდებებზე საჯაროდ საუბარი აუკრძალა.
გამოხატვის თავისუფლებაში გაუმართლებელი ჩარევის საფრთხე - ასე აფასებს ომბუდსმენი რუსთავი2-ის საქმეს. სახალხო დამცველი, სასამართლოს მხრიდან საეჭვო და ბუნდოვან გადაწყვეტილებებზე მიუთითებს და ხელისუფლებას მრავალფეროვანი მედიაგარემოს მნიშვნელობას ახსენებს.
შენიშვნებითა და რეკომენდაციებით 800-გვერდიანი დოკუმენტი უჩა ნანუაშვილმა პარლამენტს უკვე გაუგზავნა. საკომიტეტო განხილვები სახალხო დამცველის ყოველწლიურ ანგარიშზე ორ კვირაში დაიწყება.