02 მაისი 2024,   17:54
ვრცლად
პოლიტიკური შპანობა, სიცრუე და მამაძაღლობა არ გამოგივათ - ნარმანიას პასუხი ოპოზიციას

თბილისის მერი საკრებულოში - თბილისის მთავრობის ინტერესების დაცვას მელორ ვაჩნაძე ოპოზიცია განცხადებების შემდეგ შეეცადა. ქართული ოცნების დეპუტატის, ჯაბა ჯიშკარიანის, მეგობარი უკვე რამდენიმე წელია, საკრებულოში დავით ნარმანიას გამოსვლებს ესწრება.

თბილისის მერის დაცვა მელორ ვაჩნაძის მეგობარმა და უმრავლესობის დეპუტატმა საკრებულოს დარბაზის ტრიბუნიდან გააგრძელა.

„მერის შეურაცხყოფა იქნება ჩვენი შეურაცხყოფა. თქვენი კრიტიკა რატომღაც გადადის ყოველთვის ზღვარს და ჩვენთვის ეს არის მიუღებელი,“ - აცხადებს კაბა ჯიშკარიანი.

დავით ნარმანიას წლიური ანგარიშის პარალელურად საკრებულოს სხდომათა დარბაზის მეორე სართული მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებით, ასევე დეპუტატების მეგობრებით სავსე იყო. მათი ნაწილი დეპუტატებს შორის გამართულ დებატებში არაერთხელ ჩაერთო, თუმცა რა სტატუსით იმყოფებოდნენ ისინი თვითმმართველობის ორგანოში, არ უსაუბრიათ.

სიტყვიერი დაპირისპირება სხდომაზე ოპოზიციის განცხადებებს მოჰყვა. დეპუტატებს, რომლებმაც ნარმანიას შეკითხვები ძირითადად ნაზღაიძის სკანდალთან დაკავშირებით დაუსვეს, გამოსვლა არაერთხელ შეაწყვეტინეს.

„თბილისის ისტორიაში თქვენ შეხვალთ, როგორც ყველაზე მონურად მორჩილი, დამნაშავე მერი. თქვენ აუცილებლად აგებთ სისხლის სამართლებრივ პასუხს,“ - საკრებულოს ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, მარინა დათუკიშვილი, დავით ნარმანიას მიმართავს.

განცხადება გააკეთა თბილისის საკრებულოს ფრაქცია მოძრაობა თავისუფლებისთვის - თბილისის თავმჯდომარემ, მამუკა ახვლედიანმა.

„თბილისელთა ჯიბიდან არის ამოღებული ერთი მილიონი ლარი, რომელიც მოსამართლის ოჯახს გადაეცა გასამრჯელოდ, რათა მიეღო ხელისუფლებვისთვის სასურველი გადაწყვეტილება,“ - განაცხადა მამუკა ახვლედიანმა.

ოპოზიციას დღეს პირველად მიეცა საშუალება, თბილისის მერისგან საჯაროდ მიეღო ინფორმაცია რუსთავი2-ის საქმის მოსამართლის ოჯახისთვის ქონების გადაცემის შესახებ. მანამდე გაკეთებული კომენტარების მსგავსად, დავით ნარმანიამ საკრებულოს ტრიბუნიდანაც განაცხადა, რომ გადაწყვეტილება კანონის სრული დაცვით მიიღო.

„პოლიტიკური შპანობა, სიცრუე და მამაძაღლობა არ გამოგივათ,“ - განაცხადა მან. 

ნაზღაიძის საკითხის გარდა, თბილისის მერია ოპოზიციამ სავარაუდო კორუფციაში იმ მსხვილი პროექტების გამოც დაადანაშაულა, რომლებიც დედაქალაქში უნდა განხორციელდეს.

მერის რანგში დავით ნარმანიამ საკრებულოში დღეს მე-7 მოხსენება წარადგინა. თბილისი მერმა 2017 წელს დაგეგმილი და განხორციელებული პროექტების შესახებ ისაუბრა.

დღევანდელი ხმაური სხდომა ნარმანიას სიტყვით დაასრულა. მან პოლიტიკური ოპონენტები გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ის დღევანდელი სხდომით დარწმუნდა იმაში, რომ სწორად მოიქცა, როდესაც ის რამდენიმე თვის წინ საკრებულოში არ მივიდა.

სხდომიდან გამოსული ოპოზიციის წევრები ამბობენ, რომ მათ შეურაცხყოფას აყენებდნენ და მათ კითხვის დასმის საშუალებასაც კი არ აძლევდნენ.   

 

 

დღის ამბები