19 ნოემბერი 2024,   01:29
ვრცლად
საპროცესო გარიგების შეთავაზება - მერაბ ღოღობერიძემ სახალხო დამცველის აპარატს საქმეზე ინფორმაცია მიაწოდა

სასამართლო პროცესამდე რამდენიმე საათით ადრე, ბათუმში მომხდარი დაპირისპირების საქმეზე დაკავებული მერაბ ღოღობერიძე, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მისივე თხოვნით სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ციალა ქათამაძემ მოინახულა.  

ციალა ქათამაძის თქმით, ღოღობერიძემ სახალხო დამცველის ოფისს საქმესთან დაკავშირებული მასალები გადასცა და ასევე მიაწოდა ინფორმაცია პროკურატურის პირობებსა და საპროცესო შეთანხმების შეთავაზებაზე.

სახალხო დამცველის აპარატში ღოღობერიძის მიერ მიწოდებული ინფორმაციის დეტალებზე არ საუბრობენ, თუმცა  ქათამაძის თქმით, საუბარი შეეხო პროკურატურის მიერ ღოღობერიძისთვის შეთავაზებულ საპროცესო გარიგებას.  ციალა ქათამაძე ამბობს, რომ ომბუდსმენი ღოღობერიძის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას შეისწავლის.

„გვესაუბრა გარკვეული ტიპის დეტალებთან დაკავშირებით, რომლებიც ეხება საქმის მიმდინარეობას და ასევე იმას, რომ ჰქონდა გარკვეული ტიპის შეთავაზება საპროცესოსთან დაკავშირებით. კონკრეტული სახელი და გვარები არ ყოფილა დასახელებული, თუმცა მან ისაუბრა გარკვეულ პირობებზე, რომელიც იქანა წამოყენებული.

"შევეცდებით დავადგინოთ ჭეშმარიტება ამ საკითხებთან დაკავშირებით, მერე შეგვიძლია ამასთან დაკავშირებით ვისაუბროთ,“-განაცხადა ციალა ქათამაძემ.

ბათუმის მარტის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული მერაბ ღოღობერიძე და ირაკლი ჩხვირკია მოსამართლემ წინასწარ პატიმრობაში დატოვა. 

მერაბ ღოღობერიძეს და ირაკლი ჩხვირკიას გამოძიებამ ბრალი 12 მარტს ბათუმში განვითარებული მოვლენების ორგანიზების გამო წაუყენა. პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალს არცერთი ბრალდებული არ აღიარებს. 

დღის ამბები