დღეს ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის სხდომაზე მომხსენებლები სიტყვით წარდგებიან და საქართველოს შესახებ სხვადასხვა საკითხზე ისაუბრებენ. მოხსენება ზეპირი იქნება და უმრავლესობის ინფორმაციით, აქცენტი იმ თემებზე გაკეთდება, რაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საკუთარ ვებგვერდზე უკვე განათავსა: საქართველოს სასამართლო რეფორმა, კონსტიტუციის პროექტი, კანონი მოსმენებთან დაკავშირებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვითარება და რუსთავი 2-ის საქმე.
"პოლიტიკოსები არ უნდა აფასებდნენ სასამართლოს გადაწყვეტილებებს, მათ უბრალოდ პატივს უნდა სცემდნენ და ასრულებდნენ. აბსოლუტურად შეუძლებელია, რომ მედიის თავისუფლება არ არსებობდეს არა მარტო საქართველოში, არამედ ნებისმიერ ქვეყანაში, რომელსაც სურს, რომ იყოს დემოკრატიული. ჩვენ ახლა ახალი ანგარიშის მომზადებას ვიწყებთ, რომელსაც, რა თქმა უნდა, დრო დასჭირდება. აქტიურად მივადევნებთ თვალს მოვლენათა განვითარებას. ვიზიტის შემდგომ ჩვენი განცხადება საკმაოდ დეტალური იყო,” - განაცხადა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრმა, ბორის სილევიჩმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანაში სხვა პრობლემებიც არსებობს, თუმცა ამჯერად ისინი სასამართლოს რამდენიმე გადაწყვეტილებას ელოდებიან.
„ველოდებით რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე სასამართლოს გადაწყვეტილებებს. დარწმუნებული ვართ, რომ საქართველოს ხელისუფლება შეასრულებს ამ გადაწყვეტილებებს, რადგან ეს არაერთხელ ითქვა მათი მხრიდან. ველოდებით საკონსტიტუციო რეფორმის დამტკიცებას. კარგია, რომ აღარ ჭიანურდება და პროცესი ახლა სწრაფად მიმდინარეობს, თუმცა რა თქმა უნდა არსებობს გარკვეული შეშფოთების მიზეზებიც,” - განაცხადა ბორის სილევიჩმა.