02 მაისი 2024,   19:03
ვრცლად
მესამე სექტორში თვითმმართველი ქალაქების და მუნიციპალიტეტების გაერთიანებას პესიმისტურად უყურებენ

მესამე სექტორში თვითმმართველი ქალაქების და მუნიციპალიტეტების გაერთიანებას პესიმისტურად უყურებენ. არასამთავრობოების წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ საკრებულოების მიერ მიღებული დოკუმენტაცია აქვთ გამოთხოვილი.

ისინი აცხადებენ, რომ საკრებულოებმა დაჩქარებული წესით მიიღეს აღნიშნული დოკუმენტი და სასამართლოში გასაჩივრებასაც არ გამორიცხავენ.

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მთავარი სპეციალისტი, ლევან ალაფიშვილი, აცხადებს, რომ რამდენიმე რეგიონში თვითმმართველი ქალაქების რეფორმასთან დაკავშირებით საჩივარი უკვე მზადდება.

არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, ალეკო ცქიტიშვილი, აცხადებს, რომ პარლამენტს და პრემიერმინისტრს მიმართავენ, რათა რეფორმის განხილვა დიალოგის რეჟიმში წარიმართოს.

ის არ გამორიცხავს, რომ, თუ ხელისუფლება მათ მოწოდებას არ გაითვალისწინებს, ისინი აქციებს გამართავენ და საერთაშორისო ორგანიზაციებს საქმის კურსში ჩააყენებენ.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის პროექტის კოორდინატორი, ირმა პავლიაშვილი, აცხადებს, რომ რეგიონული სამინისტროს მიერ წარმოდგენილ წინადადების სიღრმისეულად განხილვას გეგმავენ და აღნიშნა, რომ შესწავლის მიზნით საკრებულოებიდან ამ ეტაპზე მიღებული გადაწყვეტილებები გამოითხოვეს.

რეგიონული განვითარების სამინისტრო თვითმმართველობის რეფორმასთან დაკავშირებულ ინიციატივას პარლამენტში ივნისში წარადგენს.

დღის ამბები