06 მაისი 2024,   19:46
ვრცლად
მესამე სექტორი საზოგადოებრივ მაუწყებელში გადაცემების კიდევ დახურვას არ გამორიცხავს

საზოგადოებრივ მაუწყებელზე ორი გადაცემის დახურვას გაუმართებლად მიიჩნევენ მედია ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები. მათი განცხადებით, „რადიო თავისუფლების“ ორი გადაცემის დახურვით, სერიოზული საფრთხე შეექმნა დემოკრატიის ხარისხს.

ფონდ „ლიბერალური აკადემია თბილისის” დირექტორი, ლაშა ტუღუში ტელევიზიაში გადაცემების დახურვას აკრიტიკებს და ვარაუდობს, რომ მსგავსი პრობლემის წინაშე შესაძლოა სხვა გადაცემებიც დადგნენ.

„ასეთი ტიპის გადაცემების გაქრობა გარკვეული სიგნალია ჩემთვის, მითუმეტეს, მე რამდენადაც მესმის, ანალოგიური პრობლემები შეიძლება შეექმნას სხვა პროდასავლურ გადაცემებს, როგორიც არის დოიჩე ველეს გადაცემა, ასევე „ამერიკის ხმა“. თუ ეს დადასტურდა და თუ მართლა გვაქვს საქმე ამ გადაცემებთან ასე უდიერად მოპყრობის, ეს ნიშნავს იმას, რომ სერიოზული პრობლემა გვაქს მთლიანად საზოგადოებრივ მაუწყებელში,“ - აცხადებს ლაშა ტუღუში.

ფონდ ”ღია საზოგადოება - საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი, ქეთევან ხუციშვილი, გადაცემების დახურვის სხვადასხვა შესაძლო მოტივზე საუბრობს.

„აჩენს ეჭვს, რომ შეიძლება საზოგადოებრივი მართლაც აპირებს გადაუხვიოს თავის მთავარ მისიას, მიაწოდოს მოქალაქეებს, საზოგადოებას, ხარისხიანი ობიექტური ინფორმაცია და, შესაძლოა, ეს ასევე უკავშირდებოდეს მართლაც დასავლურ ღირებულებებზე უარის თქმას,“ - განაცხადა ქეთევან ხუციშვილმა. 

დღის ამბები