02 მაისი 2024,   12:29
ვრცლად
პარლამენტში ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციაზე დაწყებულ განხილვებს ოპოზიცია საარჩევნო გათვლად მიიჩნევს

მმართველ გუნდში ღია დაპირისპირების მიზეზი ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის კანონპროექტის განხილვამ გამოიწვია. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ზვიად ძიძიგური, ჯანდაცვის კომიტეტის ინიციატივას ეწინააღმდეგება, რომელიც ყველა ნარკოტიკული საშუალების მოხმარებასა და მცირე ოდენობით შენახვაზე, პირებს სისხლის სამართლებრივი პასუხიმგებლობიდან ათავისუფლებს.

მმართველ გუნდში უთანხმოებას ადასტურებს ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე.

ცვლილებების წარდგენის პარალელურად მმართველმა პარტიამ უკვე დააანონსა, რომ კანონპროექტის მიღების შემდეგ საპატიმროებს ასობით მსჯავრდებული დატოვებს.

დეკრიმინალიზაციაზე მსჯელობა პარლამენტში საშემოდგომო სესიიდან დაიწყება, რომელიც დროში წინასაარჩევნო კამპანიას ემთხვევა. ამ მიზეზის გამო, ოპოზიცია ცვლილებების ამომრჩევლის მოტყუების მცდელობად აფასებს.

რისკს, რომ წინასაარჩევნოდ პოპულარული თემის გამოყენება მოხდება, ხედავენ "ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის" წევრებიც. არასამთავრობოებმა დღეს ხელისუფლებას საგანგებოდ მიმართეს და ყველა იმ ცვლილების დატოვება მოითხოვეს, რომელიც მათთან ერთად შემუშავდა.

კანონპროექტში გაწერილია ნარკოდამოკიდებული პირების რეაბილიტაციის დეტალები და ის ვალდებულებები, რომლის შესრულებაც სახელწიფოს მოუწევს. ცვლილებები არ შეეხება ნარკოტიკული საშუალების გამსაღებლებს და ამ ნაწილში კანონი კვლავ მკაცრი დარჩება. 

ამავე თემაზე
დღის ამბები