02 მაისი 2024,   14:53
ვრცლად
"პრობლემაა ისაა, რომ დიალოგი არ არსებობს,"- ჯანი ბუკიკიო "კურიერთან" მმართველ გუნდსა და ოპოზიციასთან შეხვედრას აფასებს

ვენეციის კომისიის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში ხვალ დასრულდება. დღეს კი ჯანი ბუკიკიო კონსტიტუციის ახალი პროექტის ირგვლივ მიმდინარე განხილვების შესახებ პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს, უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა. ჯანი ბუკიკიომ არაერთხელ დააფიქსირა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით იმედგაცრუება, თუმცა მოლოდინი აქვს, რომ ყველაფერი გამოსწორდება.

"კურიერთან" საუბრისას ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ თუკი კონსტიტუციის ახალ პროექტში კომისიის რეკომენდაციებს გაითვალისწინებენ მისასალმებელი იქნება. თუმცა ჯანი ბუკიკიოსთვის საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ სიახლეს საარჩევნო სისტემის ცვლილების გადადება წარმოადგენდა.

“ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტი ახალი საარჩევნო სისტემის გადადება იყო. ჩემი აზრით, ძალიან ბევრია 7 წლით მოცდა. ვენეციის კომისიის ყველა სხვა დანარჩენი რეკომენდაცია თუ შესრულდება, ბევრად კარგი იქნება, მაგრამ თუ არ შესრულდება, არც ეს იქნება ტრაგედია, რადგან ნაკლებად მნიშვნელოვანია იმაზე, რასაც ვეძებთ, მეტ პლურალიზმს პარლამენტში,“- აცხადებს ჯანი ბუკიკიო.

ვენეციის კომისიის პრეზიდენტი პოლიტიკურ ძალებს დიალოგისკენ მოუწოდებს და ფართო კონსენსუსის აუცილებლობაზე საუბრობს.

„კრიზისი სერიოზული სიტყვაა, მაგრამ პრობლემაა ისაა, რომ დიალოგი არ არსებობს. ყველა პოლიტიკურ ძალას შორის საჭიროა დიალოგი. კარგი კონსტიტუცია უნდა ეფუძნებოდეს ფართო კონსესუსს. ის არ უნდა იყოს მხოლოდ ერთი პარტიის მიერ მიღებული. კონსტიტუცია მისაღები უნდა იყოს საზოგადოებისთვის და რაც შეიძლება მეტი პარტიისთვის,“ - განაცხადა ჯანი ბუკიკიომ.

ჯანი ბუკიკიომ ასევე აღნიშნა, რომ მთავრობისგან კონსენსუსის მიღწევის დაპირება მიიღო და იმედოვნებს, რომ უმრავლესობა კომპრომისებზე წავა. სხვა შემთხვევაში კი პროცესის ლეგიტიმურობაში ეჭვი შეაქვს.

„პროცესის ლეგიტიმურობა ნიშნავს, დიალოგისა და კონსესუსის საფუძველზე ამ პროცესის გაზიარებას,“ - განაცხადა ჯანი ბუკიკიომ.

დღის ამბები