24 დეკემბერი 2024,   04:13
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილის ექსტრადიცია - ოპოზიცია საქართველოს ხელისუფლების არაადეკვატურობაზე საუბრობს

არცერთი დემოკრატიული ქვეყანა საქართველოს მოთხოვნას, მიხეილ სააკაშვილის ექსტრადიციის შესახებ სერიოზულად არ ეკიდება - ასეთი გამოხმაურება მოჰყვა ოპოზიციის მხრიდან საქართველოს მესამე პრეზიდენტის პოლონეთში ვიზიტსა და ამ თემაზე პოლონელი კანონმდებლების მიერ გაკეთებულ განცხადებებს.

მათი თქმით, თბილისის მოთხოვნა არაადეკვატურია, რაც პირველ რიგში საქართველოს აზიანებს.

„ამით სახელმწიფოს აყენებს უზარმაზარ ზიანს. აყენებენ ზიანს, იმიტომ რომ მთელი მსოფლიო ხედავს, რომ საქართველოს ყავს არაადეკვატური ხელისუფლება, რომელიც დასდევს რაღაც ილუზიებს,“ - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ.

პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” წევრმა გიორგი ტუღუშმა განაცხადა, რომ „არც ერთი დემოკრატიული სახელმწიფო, სერიოზულად არ მოეკიდება ექსტრადირების მოთხოვნას, როდესაც მათ იციან, რომ არსებობს დევნის აშკარა პოლიტიკური საფუძვლები.“

პოლონელმა დეპუტატმა, მალგორ-ზატა გოსიევსკამ მიხეილ სააკაშვილის ვარშავაში ჩასვლასთან დაკავშირებით განცხადება გუშინ სოციალურ ქსელში გაავრცელა და განაცხადა, რომ პოლონეთის არცერთ სახელმწიფო დაწესებულებას არ მიუღია წერილი მიხეილ სააკაშვილის ექსტრადიციის შესახებ.

მისივე თქმით, "კეთილგანწყობა და პატივისცემა, რითაც პოლონელები განმსჭვალულნი არიან მიხეილ სააკაშვილის მიმართ, არის საყოველთაო და არ არის დამოკიდებული შიდა დაყოფებსა თუ პოლიტიკურ სიმპათიებზე".

დღის ამბები