02 მაისი 2024,   15:29
ვრცლად
მაღალჩინოსნების ხშირი ვიზიტი და ფსიქოლოგიურ ზეწოლა - ალექსანდრე სამუშიას ყოფილი თანამესაკნის ინტერვიუ

სპეცსამსახურის ყოფილი აგენტი, "შაბათის კურიერში" გასული სიუჟეტის შემდეგ, ყველაზე მკაცრი რეჟიმის ციხეში გადაყავთ. ალექსანდრე სამუშიას ინტერვიუს შემდეგ, საფრთხეზე საუბრობს ოჯახი, მაგრამ სულ სხვა ვერსია აქვს პატიმრის ყოფილ თანამოსაკნეს. ციხიდან ჩაწერილ კიდევ ერთ ინტერვიუში, ადამიანი, რომელიც სპეც აგენტთან ერთად ბოლო რვა თვე ერთ ოთახში იმყოფებოდა, მაღალჩინოსნების ხშირ ვიზიტებზე და ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე ლაპარაკობს.

დავით ხადილაშვილი ამბობს, რომ სპეცსამსახურის ყოფილი თანამშრომლის მიმართ სუს-ის წარმომადგენლების ინტერესი ძალიან დიდი იყო. სამუშია ადმინისტრაციის ოთახში გაყავდათ და მასზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდნენ. ხადილაშვილი ამბობს რომ სუს-ის მაღალჩინოსნები სამუშიას ჩვენებას კონკრეტულ ადამიანებზე სთხოვდნენ.

სპეცსამსახურების საიდუმლო თანამშრომლის თანამესაკნე „კურიერს“ უყვება, რომ ალექსანდრე სამუშიამ სასჯელაღსრულების სამინისტროს სხვა ციხეში გადაყვანა რამდენიმეჯერ მოსთხოვა, თუმცა არ დაუკმაყოფილეს. შესაბამისად, მისთვის გაუგებარია რატომ გადაიყვანეს ახლა ის ყველაზე მკაცრი რეჟიმის საპყრობილეში. ხადილაშვილი ვარაუდობს, რომ ამ გზით მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მოხდენა სურთ.

თუმცა სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, პატიმრისთვის დაწესებულების ცვლილება მისივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე მოხდა. 

„შაბათის კურიერში“ ალექსანდრე სამუშიამ თქვა, რომ ის ბოლო ათწლეულის ყველაზე ხმაურიანი ოპერაციების მონაწილეა.

არასამთავრობო ორგანიზაცია ”სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის” ხელმძღვანელმა ზვიად კუპრავამ, ალექსანდრე სამუშიას დაცვის მოთხოვნით დღეს სახალხო დამცველსაც მიმართა. 

დღის ამბები