07 მაისი 2024,   07:42
ვრცლად
კომპანია „სალვუს დეველოპმენტის“ მფლობელი გიორგი სოზაშვილი ისევ დაკითხვაზე დაიბარეს

კომპანია „სალვუს დეველოპმენტის“ მფლობელი გიორგი სოზაშვილი ისევ დაკითხვაზე დაიბარეს. მასთან ერთად დაკითხვაზე არიან დაბარებული კომპანიის სხვა თანამშრომლებიც. დეველოპერული კომპანიის მფლობელი მის წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიას „რუსთავი 2“-ში განთავსებულ რეკლამას უკავშირებს.

როგორც დაკითხვაზე შესვლამდე გიორგი სოზაშვილმა განაცხდა, მის წინააღმდეგ სხვადასხვა ფორმით ზეწოლა სწორედ ამის შემდეგ დაიწყო და მას პირდაპირ უთხრეს, რომ აფინანსებს „რუსთავი 2“-ს.

„იმის შემდეგ, რაც რეკლამა განვათავსე თქვენთან, დაიწყო ყველანაირი არეულობა თუ რამე შეიძლება სხვადასხვა ფორმით. ეს ისე არ ხდება, პროკურორი არ მივარდება ოფისში. შემომითვალეს, ჩემს მეგობარს უთხრეს არ დავკონკრეტდები, რომ მე ვიყავი „რუსთავი 2“-ის დამფინანსებელი, ვაფინანსებდი „რუსთავი 2“-ს თურმე, რაც ასე არ ყოფილა, ეს ყველამ იცის. მე ვუთხარი მაშინ დირექტივა მომეცით სად წავიღო რეკლამა? სად იქნება რეკლამა ჩემთვის სულ ერთია. მთავარია იყოს რეიტინგული, რომ ამან შედეგი მოიტანოს,“ - განაცხადა გიორგი სოზაშვილმა.

მისივე თქმით, ის უახლოეს მომავალში დეტალურად ისაუბრებს თუ რა ფორმით მიმდინარეობს კომპანიაზე ზეწოლა.

კომპანია „სალვუს დეველოპმენტის“ ოფისში სამართალდამცავები გუშინ შევიდნენ. ჩხრეკა ჩატარდა ასევე გიორგი სოზაშვილის საცხოვრებელ სახლში. თავად სოზაშვილი კი, დაკითხვაზე განყოფილებაში გადაიყვანეს.

გიორგი სოზაშვილის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დაიწყო, რაც მუქარას გულისხმობს.

 

ავტორეი: თაკო სურგულაძე

დღის ამბები