„სალვუს დეველოპმენტის“ ოფისში დილიდან სამართალდამცავები აღარ გამოჩენილან. ადგილზე არ მისულა არც კომპანიის დამფუძნებელი გიორგი სოზაშვილი, რომელმაც მასზე განხორციელებული ზეწოლა ”რუსთავი 2”-ს დაუკავშირა.
კომპანიის წარმომადგენლები და იურისტები გუშინდელ ფაქტს ბიზნესზე ზეწოლად აფასებენ. მათი თქმით, შემთხვევა, რომელიც გუშინ მოხდა „სალვუს დეველოპმენტის“ ხელმძღვანელობასა და მობინადრეებს შორის მიზანმიმართული იყო, რადგან ერთ-ერთი მოქალაქე, დავით ეჟიშვილი, რომელიც ამბობდა, რომ მას კომპანიამ ხელშეკრულება დაურღვია, ტყუილია. კომპანიის წარმომადგენლების თქმით, ობიექტის მშენებლობა 2018 წლის დეკემბერში უნდა დასრულებულიყო და მათ ხელშეკრულება არ დაურღვევიათ.
„ეს იყო მიზანმიმართული. ვადების გადაცილებას ადგილი არ აქვს. ოფისში, დაახლოებით, 20-25 კაცი იყო და მხოლოდ მან დაინახა, რომ იარაღით ემუქრებოდნენ. იარიღი ვერც ოფისში და ვერც სახლში აღმოაჩინეს,“ - განაცხადა გიორგი სოზაშვილის მეუღლემ, ანი მურვანიძემ.
ადვოკატი მარინე ცუცქირიძე ბიზნესზე ხელის შეშლაზე საუბრობს.
„მოქალაქე მოვიდა ოფისში, ვითმდა რაღაც საკითხების გასარკვევად, თვითონვე მოაწყო პოროვოკაცია, იმუქრებოდა, რომ მისი ძმა პროკურორია და თუ ის საჭიროდ ჩათვლიდა, ყველას დაიჭერდა. მისი ძმაც მოვიდა ოფისში, მოიყვანა თანმხლები პროკურორებიც, რომლებიც უფლებამოსილებას ამეტებდნენ. წინასწარვე დააანონსეს, რომ ოფისში ჩხრეკას ჩაატარებდნენ და ყველას ციხეში ჩასვამდნენ,“ - განაცხადა ადვოკატმა, მარინე ცუცქირიძემ.
გიორგი სოზაშვილი საგამოძიებო უწყებიდან გამოკითხვის გარეშე, ნარკოლოგიური შემოწმების შემდეგ გაათავისუფლეს. ადვოკატის ვარაუდით, სამხილების არ არსებობის გამო, საქმე მალე მთლიანად შეწყდება.
ავტორი: თაკო სურგულაძე.