08 სექტემბერი 2024,   03:31
ვრცლად
გიორგი ჭანტურია გენერლის მკვლელობის დროს ე.წ. სტამბოლის ბაზრის ტერიტორიაზე არ იმყოფებოდა - დაკავებულის ადვოკატი

გენერალურ ქუთათელაძის მკვლელობის საქმის ფარგლებში დაკავებული გიორგი ჭანტურიას ადვოკატი ამბობს, რომ გიორგი ჭანტურია მკვლელობის დროს რუსთავში ე.წ. სტამბოლის ბაზრის ტერიტორიაზე არ იმყოფებოდა. მისი თქმით, გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობა მოხდა 5 საათზე, ამ დროს კი გიორგი ჭანტურია ბანკში იმყოფებოდა. არსებობს სპეციალური ამონაწერიც და დაფიქსირებულია  მისი შენობაში ყოფნა. 

მთავარ შეკითხვაზე გამოძიებას პასუხი გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობიდან მეოთხე დღესაც არ აქვს. რუსთავის პოლიციის სამმართველოში ინტენსიური დაკითხვები გრძელდება, როგორც მოწმეთა ჩვენებიდან ირკვევა ე.წ-ი სტამბოლის ბაზრის ერთ-ერთ მეწილეს პერიოდულად ფულს სძალავდნენ, თუმცა ვინ, გამოძიებას ამ დრომდე დაკავებული არ ჰყავს.

საქმესთან დაკავშირებით მხოლოდ გიორგი ჭანტურიაა დაკავებული. ყოფილი პროკურორის ოჯახსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება დღეს ჭანტურიას მამის იმ დალუქული მანქანის ხელახალ შემოწმებას მოჰყვა, რომელიც სამართალდამცველებმა მოწმეებისა და ადვოკატის გარეშე გახსნეს.

ჭანტურიას ადვოკატის მტკიცებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის საქმე ამ დრომდე გამოყოფილი არ არის სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმიდან.

რუსთავის პოლიციის სამმართველოში კი მთელი დღის განმავლობაში დაკითხვების სერია  მიმდინარეობდა, თუმცა მოწმეები სათადარიგო შესასვლელიდან შეჰყავდათ, რათა ისინი კამერებს არ გადაეღო. დღეს პირველად ჩვენების მისაცემად დაიბარეს ბრალდებულ ჭანტურიას მეუღლეც.

ადვოკატები აცხადებენ, რომ პოლიცია რეალურ დამნაშავეს ხელს აფარებს, რადგან არსებობს მტკიცებულებები და მოწმეთა ჩვენებები, რომლითაც დასტურდება, რომ მოკლულ გენერალს ფულს სძალავდნენ, თუმცა სამართალდამცველები ამ მიმართულებით არ მუშაობენ.

გენერალ ქუთათელაძეს შაბათს დაკრძალავენ, ეროვნული გვარდიის გადამდგარი ხელმძღვანელი საკუთარ კაბინეტში 15 იანვარს მოკლეს. "კურიერის" ინფორმაციით, ერთადერთი ვერსია, რომელზეც გამოძიება მუშაობს, რუსთავის ბაზრის წილების გამო დაწყებული დავაა.

 

ავტორი: ნინო გაზდელიანი

 

 

 

 

დღის ამბები