პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი მმართველ გუნდს ურჩევს, სისხლის სამართლის კოდექსში ისეთი შესწორებები მიიღონ, რომელიც მართლმსაჯულების სისტემას რეალური დამნაშავეებისგან გაწმენდს.
ანა ნაცვლიშვილის თქმით, პროკურორები, სპეცსამსახურის თანამშრომლები და მოსამართლეები, რომელიც სისტემურ დანაშაულს ჩადიოდნენ, კვალავაც სისტემაში რჩებიან და რეალურად, სწორედ ისინი აფერხებენ მართლმსაჯულებას და არა პრეზიდენტის განცხადებები.
„სისტემური დანაშაულებით დაზარალებული ათობით თუ არა ასობით მოქალაქე წლებია, ელოდება სამართალს. ამიტომ, გირგვლიანის პაკეტი უნდა მოიცავდეს ისეთ მოქმედებებს, როგორიც არის სისტემის გათავისუფლება იმ პროკურორებისგან, სპეცსამსახურების თანამშრომლებისგან და მოსამართლეებისგან, რომლებიც წლების განმავლობაში აკეთებდნენ, უკვეთავდნენ, ხელს აფარებდნენ და სამართლის ფორმით აფორმებდნენ უსამართლობას, ადამიანის უფლებების დარღვევას და ადამიანის უფლებების შელახვას,“ - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ გუშინ მმართველი გუნდის ახალი ინიციატივა გაახმოვანა, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებს ითვალისწინებს.
„ქართული ოცნების“ ინიციატივის მიხედვით, მკაცრად დაისჯება მაღალი თანამდებობის პირის ნებისმიერი ქმედება, რომელიც ხელს შეუშლის მართლმსაჯულების აღსრულებას. ინიციატივის ავტორები ამბობენ, რომ მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლად ჩაითვლება, მაგალითად, მსჯავრდებულის შეწყალებაც, კონკრეტული სარგებლის სანაცვლოდ.