07 მაისი 2024,   07:47
ვრცლად
რეზოლუცია რუსეთის წინააღმდეგ - პროექტს "ქართული ოცნება" ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დაარეგისტრირებს

ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის შესახებ რეზოლუციას "ქართული ოცნება" პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დაარეგისტრირებს.

პარალელურად, საპარლამენტო უმრავლესობა დოკუმენტის ტექსტზე მუშაობას განაგრძობს. დაგეგმილია შეხვედრები საპარლამენტო უმცირესობასთან. რეზოლუციაში საქართველოს ხელისუფლება გმობს გიგა ოთხოზორიას და არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტს და მომხდარზე სრულ პასუხისმგებლობას რუსეთის ფედერაციას აკისრებს.

ასევე მიმართავს საერთაშორისო საზოგადოებას და მომხდარზე ადეკვატურ რეაგირებას ითხოვს.

„რეზოლუცია მკაცრად გმობს საოკუპაციო რეჟიმის ქმედებებს, კერძოდ არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტს, ასევე კიდევ ერთხელ გმობს გიგა ოთხოზორიას სიცოცხლის ხელყოფის ფაქტს და ორივე შემთხვევაში სრულ პასუხისმგებლობას აკისრებს რუსეთის ფედერაციას. ასევე მოუწოდებს შეწყვიტოს დესტრუქციული ქმედებები და ეფექტურად ჩაერთოს ჟენევის მოლაპარაკებების პროცესში,“-განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავამ.

აისახება თუ არა "ევროპული საქართველოს" ინიციატივა ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შექმნასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის მიერ შემუშავებულ რეზოლუციაში, ამ ეტაპზე უცნობია. ოპოზიცია კონკრეტული პირებისადმი სანქციების დაწესებას ითხოვს.

„დამტკიცდეს ოთხოზორია-ტატუნაშილის სია, სადაც იქნება ქმედითი სანქციები ამ დანაშაულებში პირდაპირ და ირიბად მონაწილე პირების მიმართ. სამწუხაროდ „ქართული ოცნების“ მიერ შემოთავაზებულ პროექტში არის ცარიელი სიტყვები და არანაირი კონკრეტული ნაბიჯები,“-აცხადებს „ევროპული საქართველოს“ წევრი გიორგი კანდელაკი.

სავარაუდოდ, რეზოლუციას საკანონმდებლო ორგანო კვირის ბოლოს უკვე დაამტკიცებს.

დღის ამბები