28 აპრილი 2024,   17:22
ვრცლად
"შევეცდებით, დავიბრუნოთ ჩვენი "ქართული ოცნება" - დავით ჭიჭინაძე პარტიიდან გარიცხვის შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს

„მე ვარ ქართული ოცნების იმ ხალხთან ერთად, რომელიც 2012 წელს იდგა ქართული ოცნების გვერდით, რომელიც გარიყა ამ ახალმა ქართულმა ოცნებამ თვისი რიგებიდან იმიტომ, რომ მათი მხარდაჭერა დაკარგა. მე იმ ადამინების დიდ არმიას შევუერთდები და შევეცდებით, ჩვენ დავიბრუნოთ ჩვენი ქართული ოცნება,“ - ასე გამოეხმაურა დავით ჭიჭინაძე ქართული ოცნების მიერ მის პარტიიდან გარიცხვას.

დეპუტატი პარლამენტის თავმჯდომარის კრიტიკას ქართული ოცნებიდან გარიცხვის შემდეგაც აგრძელებს და ამბობს, რომ ირაკლი კობახიძე შინაგანად დამოუკიდებელი პიროვნება არ არის.

დავით ჭიჭინაძის შეფასებით, მმართველი გუნდის მხრიდან ყოფილი პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის, მიმართ ანგარიშსწორება ხდება.

„მაგ აზრს კიდევ უფრო ამყარებს ეს გადაწყვეტილება, რომ ადამიანებს სიმართლის მოსმენა არ სიამოვნებთ. დადანაშაულება ჩვენი, რომ ჩვენ კომპრომისზე წავედით, რის გამოც ხალხი დაიხოცა, არასწორი მიმაჩნია, მე ეს მგონია შეურაცხმყოფელი. როდესაც ამაზე რეაქცია გაქვს ადამიანს, ეს ბუნებრივია, თუ თავმოყვარე ადამიანი ხარ და საზოგადოების წინაშე ვალდებულებას გრძნობ, ეს განცხადება არის ჩემთვის შეურაცხმყოფელი. მე იმაზე გავეცი პასუხი, რომ თმენის ვალდებულება ჩვენ გაგვაჩნია დეპუტატებს, რომ ამისთანა თავმჯდომარეს ვითმენთ. ის საქციელიც, რასაც მე ბოლო დღეების განმავლობაში ვუყურებ, როგორი ანგარიშსწორება ხდება ჩვენი პოლიტიკური გუნდის ყოფილ ლიდერთან, პარტიის თავმჯდომარე იყო კვირიკაშვილი და პრემიერმინისტრი იყო ამ ქვეყანაში და მისი ჩაწერილი და მოყვანილია ძირითადად ეს ადამიანები ქართულ ოცნებაში. ეს უპასუხისმგებლო, ზურგს უკან მუხანათური განცხადებები შეურაცხმყოფელია. ეტყობა, ეს ადამიანი შინაგანად  არ არის თავისუფალი. მანდელა 27 წელი ციხეში იჯდა, თავისუფალი იყო, ეს კაცი 27 წელი თავმჯდომარე რომ იყოს, მაინც ვერ გათავისუფლდება,“ - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

 

 

 

ავტორი: ნინო გაზდელიანი 

დღის ამბები