07 მაისი 2024,   15:51
ვრცლად
დარღვევები საჯარო საბავშვო ბაღებში - ბაღების რძის პროდუქტებით მომმარაგებელი კომპანია ბრალდებებს უარყოფს

დარღვევები საჯარო საბავშვო ბაღებში - თბილისის ბაღების რძის პროდუქტებით მომმარაგებელი კომპანია  ბრალდებებს უარყოფს.

სურსათის ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ არაჟანში ცხოველური ცხიმების ნაცვლად მცენარეული ცხიმია აღმოჩენილი, ყველში კი - რძის ფხვნილი.

ბაღების მართვის სააგენტომ კი სეს-ის დასკვნის საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეუწყდეს ბაღებს რძის პროდუქტების მიწოდება ბავშვების უსაფრთხოებიდან გამომდინარე.

საბავშვო ბაღების კვებაზე სრული პასუხისმგებლობა შ.პ.ს. ნილს აკისრია, რომელიც თავის მხრიდან აფორმებს ხელშეკრულებებს ქვეკონტრაქტორ კომპანიებთან, რომლებიც კონკრეტული პროდუქტებით ბაღების მომარაგებას ახდენენ.

ამ შემთხვევაში რძის პროდუქტებით მომარაგებას კომპანია „ქობულეთური“ ახორციელებს. კომპანიის გაყიდვების მენეჯერი, გიორგი ბერძენიშვილი აცხადებს, რომ დასკვნა არარეალურია, რადგან იმავე დღეს გამოშვებული პროდუქტი სხვა ბაღშიც იყო, თუმცა, იქ იმავე სახის დარღვევა არ დაფიქსირდა.

„ჩვენ შეგვიჩერეს ამ პროექტში მონაწილეობის უფლება და მიზეზი დასახელდა ის, რომ ჩვენს პროდუქციაში, კერძოდ, არაჟანში აღმოჩნდა მცენარეული ცხიმი, რაც ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ არ შეესაბამება სინამდვილეს. ერთსა და იმავე დღეს წარმოებული პროდუქცია, კერძოდ არაჟანი, ერთსა და იმავე ქვაბში დამზადებული ერთი და იმავე პარტიის ნომრით, ერთ ბაღში აღმოჩნდა მცენარეული ცხიმით, ხოლო მეორეში არა, რაც ნონსენსია და თვითონ ეს ოქმები და აქტები მეტყველებს ამაზე,“ - განაცხადა ბერძენიშვილმა.

კომპანია ”ნილის” წარმომადგენელი, თეონა ნინოშვილი კი ამბობს, რომ შეცდომა ლაბორატორიაში მოხდა.

„რძის პროდუქტები, კერძოდ, ყველი, ხაჭო, არაჟნის მიწოდება შეგვეწყვიტა იმ ქვეკონტრაქტორების მიერ მოწოდებული პროდუქტების, რომელიც იმ მომენტში მარაგდებოდა. გამოვთქვამთ ვარაუდს, რომ ეს შეიძლება იყოს ლაბორატორიის მიერ დაშვებული შეცდომა და არა ერთი კონკრეტული თარიღით და ერთი კონკრეტული პარტიიდან მიწოდებული ყველი, როგორ შეიძლება იყოს, ვთქვათ, სხვადასხვა შემადგენლობის. აპარატი ატარებს ამ კვლევას, ეს ჩვეულებრივ რობოტია და შეიძლება რაღაც უბრალოდ ხარვეზი ჰქონოდა ამ აპარატს,“ - განაცხადა ნინოშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები